ნათელა ძალამიძემ სპორტული მოქალაქეობის შეცვლის გადაწყვეტილება განმარტა - მიზანი ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლაა #1TVSPORT
ქართული წარმოშობის რუსმა ჩოგბურთელმა ნათელა ძალამიძემ გაზეთ The Times-თვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა იმის შესახებ, რატომ გადაწყვიტა რუსულიდან ქართულ მოქალაქეობაზე გადასვლა.
„მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, რადგან მინდოდა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის საშუალება მქონოდა. რა თქმა უნდა, ეს არ ყოფილა მარტივი გადაწყვეტილება, რადგან დღეს რთული დროა. პირველი შეხვედრა WTA-ის ხელმძღვანელობასთან მარტის დასაწყისში ინდიან უელსში მქონდა. ეს იქამდე მოხდა, სანამ უიმბლდონი რუსი ჩოგბურთელების არდაშვების გადაწყვეტილებას მიიღებდა. ეს უბრალოდ იმისთვის გავაკეთე, რომ მინდოდა წარმომედგინა ქვეყანა ტურნირებზე და მიმეღო ოლიმპიადაზე თამაშის შანსი. თუ მე გადავწყვიტე ვითამაშო საქართველოს სახელით და ამით უიმბლდონზე გამოსვლის შანსი მომეცა, რატომ არ უნდა გამოვიყენო? აი, რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება უიმბლდონის წინ. დღევანდელ სიტუაციაში არ არსებობს იდეალური დრო, რომ ეს გააკეთო.
ეს ბოლო წელია, როცა მაქვს შესაძლებლობა – დავიწყო თამაში საქართველოს სახელით. რუსეთის ოლიმპიური ნაკრები საკმაოდ ძლიერია, თან ძალიან საეჭვოა, რომ რუსეთს ჰქონდეს შანსი ითამაშოს მომდევნო წელს ბილი ჯინ კინგის თასზე. რუსეთის ჩოგბურთის ფედერაცია არ დამკავშირებია. ეს მთლიანად ჩემი გადაწყვეტილებაა. არ გვქონია არანაირი დისკუსია ამ თემაზე. მე მივიღე გადაწყვეტილება და მათ ამის შესახებ ბოლო მომენტამდე არ იცოდნენ.
მე ეს გადაწყვეტილება მივიღე არა მხოლოდ იმიტომ, რომ მინდა უიმბლდონზე ვითამაშო, არამედ ასე იქნება უკეთესი ჩემი მომავალი კარიერისთვისაც. 29 წლის ვარ, ამ მომენტისთვის კარიერაში საუკეთესო რეიტინგი მაქვს და დღეს ჩემი პერსპექტივები გაცილებით უკეთესი საქართველოშია“, – მოჰყავს ძალამიძის სიტყვები გაზეთ The Times-ს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ნათელა ძალამიძემ სპორტული მოქალაქეობა შეიცვალა და „დიდი სლემის“ მესამე ტურნირის – უიმბლდონის წყვილთა ტურნირზე საქართველოს დროშით ირიცხება.
ნათელა ძალამიძე ერთი თვის წინ რუსეთის დროშით თამაშობდა როლან გაროსზე, სადაც კამილა რახიმოვასთან დუეტში პირველ წრეში დამარცხდა. უიმბლდონზე ის სერბ ალექსანდრა კრუნიჩთან ერთად ითამაშებს. ძალამიძისთვის წყვილებში „დიდი სლემის“ ტურნირებზე საუკეთესო შედეგი მეორე წრეში გასვლაა, სულ კი კარიერაში WTA-ს ორი ტურნირი აქვს მოგებული.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსული აგრესიის გამო, უიმბლდონის ორგანიზატორებმა წლევანდელ ტურნირზე არ დაუშვეს რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები.