ნატალია ოთხმეზურმა ამერიკის კოლეჯების ლიგაში ოთხი მცდელობიდან ოთხი სამქულიანი ჩააგდო #1TVSPORT
პირველი და ერთადერთი ქართველი ქალი კალათბურთელი, რომელიც ამერიკის სტუდენტური ლიგის (NCAAW) გუნდში მოხვდა, ჩინებულად თამაშობს. ნატალია ოთხმეზური „აიონა გაელსის“ (IONA Gaels) ღირსებას იცავს, ხოლო ეს გუნდი ლიგის 33 კონფერენციიდან ერთ-ერთში, Metro Atlantic Athletic-ში თამაშობს. სანამ კონფერენციის ჩემპიონატები დაიწყება, მთელ კონტინენტზე არასაკონფერენციო თამაშები მიმდინარეობს. აიონას უნივერსიტეტმა მორიგი შეხვედრა სამხრეთ-დასავლეთ ატლეტიკ კონფერენციის წარმომადგენელთან – „ბეთუნ ქუქმანთან“ გამართა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 60:57 დაამარცხა.
ნატალია ოთხმეზურმა 34 წუთი ითამაშა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა გოგონამ 4-დან 4 სამქულიანი ჩააგდო, რაც ქალთა კალათბურთში გამორჩეული შედეგია. მისი სრული სტატისტიკა ასეთი იყო: 12 ქულა, 3 პასი, 2 მოხსნა.
აღსანიშნავია, რომ ნატალია მიმდინარე სეზონში საშუალოდ 6.9 ქულას, 2 მოხსნას და 1 პასს აგროვებს. „აიონა გაელსს“ 5 მოგება და 4 მარცხი მოუგროვდა და მეტრო ატლანტიკ ატლეტიკის კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 17 დეკემბერს „ბობქეთსთან“ ჩაატარებს.