NASA-მ გაუშვა ნენსი გრეის რომანის კოსმოსური ტელესკოპი, რომელიც სამყაროს ყველაზე დიდ საიდუმლოთა ამოხსნას შეეცდება — #1tvმეცნიერება

12:48, 31.08.2026

30 აგვისტოს, NASA-მ კოსმოსში ახალი განძი გაუშვა, რომელმაც უნდა „ინადიროს“ სხვა ვარსკვლავთა გარშემო მოძრავი პლანეტები, შეისწავლოს ბნელი ენერგია და იკვლიოს კოსმოსი ისე, როგორც ჯერ არასდროს.

4,3 მილიარდ დოლარად ღირებული ნენსი გრეის რომანის კოსმოსური ტელესკოპი SpaceX-ის რაკეტა Falcon Heavy-ით გაუშვეს კენედის კოსმოსური ცენტრიდან. რომანი დანიშნულების ადგილს დაახლოებით ერთ თვეში მიაღწევს და განთავსდება დედამიწიდან 1,6 მილიონი კილომეტრის მანძილზე, სტაბილურ წერტილში, რომელსაც L2-ს უწოდებენ. ასეთივე წერტილშია განთავსებული ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპიც. ამის შემდეგ, სამ თვეს გაგრძელდება ინსტრუმენტთა ტესტირება და კალიბრაცია, რის შემდეგაც, დაახლოებით 2027 წლის დასაწყისში დაიწყებს სამეცნიერო დაკვირვებებს.

ავტობუსის ზომის ტელესკოპს სახელი ეწოდა NASA-ს პირველი მთავარი ასტრონომის, ნენსი გრეის რომანის პატივსაცემად. ტელესკოპი ყველაზე ფართო მზერას მიაპყრობს სამყაროს დაფარულ ნაწილებს და წარმოუდგენელ რაღაცებს გამოავლენს დაუჯერებელი სისწრაფით.

„ის იპოვის ათასობით სუპერნოვას, ათობით ათას პლანეტას, მილიარდობით გალაქტიკას და ათობით მილიარდ ვარსკვლავს. დიდი ხედვის კუთხით, ის გააკეთებს ისეთ რამეებს, რაც აქამდე არასოდეს შეგვეძლო“, — ამბობს NASA-ს სამეცნიერო მისიათა დირექტორი ნიკი ფოქსი.

გაშვებიდან რამდენიმე წუთში, რაკეტის მრავალჯერადი გამოყენების გვერდითა გამწევები უკან, კანავერალის კონცხზე დაეშვა. მალევე, ტელესკოპი წარმატებით გამოეყო რაკეტის ზედა ნაწილს.

„რა კარგი დღეა“, — ცრემლებს ვერ იკავებდა ფოქსი.

რომანის ხედვის კუთხე 100-ჯერ აღემატება NASA-ს ჰაბლის კოსმოსურ ტელესკოპს, რომელიც უკვე 36 წელია იკვლევს კოსმოსს. რამდენიმე წლის მას ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპიც შეუერთდა, რომელსაც თითქმის დიდი აფეთქების პერიოდის ობიექტების შემჩნევაც კი შეუძლია.

ორბიტაზე განთავსებული ეს სამი „მონსტრი“, ასევე ევროპის კოსმოსური სააგენტოს ტელესკოპი „ევკლიდე“ და აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვერა რუბინის ობსერვატორია (ჩილეში) ძალებს გააერთიანებს, რათა ფარდა ახადონ სამყაროს უდიდეს საიდუმლოებს.

უთვალავ გალაქტიკაში აღმოჩენას ელოდება უთვალავი ვარსკვლავი და პლანეტა. მას შემდეგ, რაც რომანი ახალ პლანეტებს დააფიქსირებს, მათ კვლევას უფრო ძლიერი და მგრძნობიარე ჯეიმს ვები გააგრძელებს.

„რომანის შესაძლებლობები გვაპოვნინებს უცნაურ, იშვიათ და უჩვეულო რამეებს. ჩვენ ხელახლა განვსაზღვრავთ, თუ რას ნიშნავს თივის ზვინში ნემსის პოვნა“, — ამბობს პროექტის უფროსი მეცნიერი ჯული მაკენერი.

ალბათ რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ასტრონომები ელოდებიან, რომ რომანი სინათლეს მოჰფენს ბნელ მატერიას და ბნელ ენერგიას, რომლებიც სამყაროს უმეტეს ნაწილს შეადგენს, მაგრამ მათ შესახებ დღემდე ბევრი არაფერი ვიცით. რომანი შეადგენს გალაქტიკათა კატალოგს, რომელიც მეცნიერებს ეტყვის, რამდენად სწრაფად ფართოვდება სამყარო რაღაც გამოუცნობი, უხილავი ძალის გამო.

რომანის სუპერძალაუფლება მის სისწრაფეშია.

რომანის მიერ ირმის ნახტომზე ერთთვიანი დაკვირვებებისთვის ჰაბლს ერთი საუკუნე დასჭირდებოდა. ის სწრაფად დაასკანირებს გალაქტიკის ამოზნექილობას და მოგვაწვდის ჩვენი გალაქტიკის შუაგულის ამ დროისათვის ყველაზე დეტალურ გამოსახულებას.

გარდა ფართო ხედვის ინფრაწითელი კამერისა, რომელიც ჰაბლის ასეთივე კამერის მგრძნობელობას 1000-ჯერ აღემატება, რომანს აქვს ინსტრუმენტი, რომელიც ვარსკვლავის ნათებას ბლოკავს. ეს ექსპერიმენტული, დაბნელების წარმომქმნელი კორონოგრაფი რომელს საშუალებას მისცემს, პირდაპირ გადაიღოს ნებისმიერი პლანეტა, თუნდაც მკრთალი, რომელსაც შეიძლება ვარსკვლავის სინათლე ნიღბავდეს.

ტელესკოპი ისეა აგებული, რომ შესაძლებელია მისი საწვავით შევსება, ანუ იმუშავებს საკმაოდ დიდხანს.

რომანი NASA-ს პირველი კოსმოსური ტელესკოპია, რომელსაც ქალის სახელი ეწოდა.

NASA-ს ყოფილი მეცნიერი ედ ვაილერი ნენსი რომანს „ჰაბლის დედას“ უწოდებს. რომანი NASA-ს 1959 წელს შეუერთდა და დაჟინებით ამტკიცებდა, რომ კოსმოსზე დაკვირვება დედამიწის ატმოსფეროს ზემოდან უკეთესი იქნებოდა, დაგვანახებდა უფრო შორეულ ობიექტებს უფრო უკეთესად. რომანი 2018 წელს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ედ ვაილერი რომანმა სამუშაოდ 1978 წელს აიყვანა. ამბობს, რომ ნენსი ძალიან ამაყი იქნებოდა, რომ მისი სახელობის ტელესკოპი მოძებნის პასუხებს სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე დიდ კითხვებზე, როგორიცაა თუნდაც ბნელი ენერგია.

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით.

მსგავსი