„ნაპოლის“ ყოფილი სპორტული დირექტორი - კვარაცხელიას შეცვლა იმას ნიშნავს, რომ კალცონას გუნდში თავის დამკვიდრება სურს #1TVSPORT
„ნაპოლის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ფრანჩესკო გრილომ Radio Crc-სთან ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ პირველი მატჩი (1:1) შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.
„შეიძლება ითქვას, რომ შედეგი დადებითად იყო, მაგრამ გუნდში ვითარება არ მომეწონა. არ ვარ დარწმუნებული, რომ „ნაპოლიში“ კარგი ატმოსფეროა. შარშან პასუხისმგებლობა ნაწილდებოდა პრეზიდენტზე, მწვრთნელსა და სპორტულ დირექტორზე, ახლა კი ფეხბურთელებმა იციან, რომ მხოლოდ პრეზიდენტის სიტყვაა მნიშვნელოვანი.
რა შეიძლება ითქვას კვარაცხელიას შეცვლაზე? ჩემი გადასახედიდან ეს იმას ნიშნავს, რომ კალცონას გუნდში თავის დამკვიდრება და მკაცრი ხასიათის გამოვლენა სურს, უნდა აჩვენოს, რომ ხისტი მწვრთნელია, იმედია, სიტუაცია მალე გაუმჯობესდება და ყველაფერი კარგად იქნება.
შეცვლის შემდეგ კვარაცხელიას რეაქცია იმასაც ნიშნავს, რომ „ნაპოლის“ მოთამაშეებს შორისაც არაჯანსაღი ვითარებაა, მეკარე მერეტიც კი უკმაყოფილებას გამოხატავს. ვფიქრობ, დე ლაურენტისი უნდა შეეცადოს, მაღალი დონის მენეჯერი და მწვრთნელი დაიქირაოს.
კალცონას არ ვიცნობ, მაგრამ ერთი შეხედვით საინტერესო სპეციალისტი ჩანს. „ბარსასთან“ მის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს ნაწილობრივ ვეთანხმები, რადგან კვარაცხელიამ და ოსიმენმა მაღალ დონეზე ვერ ითამაშეს.
ახალ მწვრთნელს ფეხბურთელებთან ტაქტიკური და ფსიქოლოგიური კუთხით მუშაობა მოუწევს და მჯერა, რომ მიზანს მიაღწევს. გუნდის სტრუქტურა თითქოს დარღვეულია, ძალიან ბევრი მოთამაშეა, ვინც გასულ წელს ყველაფერი გაიღო წარამტებისთვის, ახლა კი სხვადასხვა მიზეზის გამო იმავე დონეზე ვეღარ თამაშობს“, – აცხადებს „ნაპოლის“ ყოფილი სპორტული დირექტორი.