„ნაპოლის“ ყოფილი მწვრთნელი - სკუდეტოს მოვიგებთ, რომელიც მარადონას შემდეგ არ მოგვიპოვებია - ამას გააკეთებს ფენომენი სახელად კვარაცხელია #1TVSPORT
„ნაპოლი“ სკუდეტოს მოიგებს, კვარა ჩემპიონი გახდება“, – ამ თამამ პროგნოზს იტალიელი ფეხბურთელი, „ნაპოლის“ ყოფილი მწვრთნელი ჯოვანი გალეონე აკეთებს.
„დღესვე შემიძლია ვთქვა, რომ „ნაპოლი“ სკუდეტოს მოიგებს. ჯერჯერობით, ეს ერთადერთი გუნდია, რომელიც ღვთაებრივად კარგად თამაშობს. მოდი, იღბალი გვერდზე გადავდოთ – ტიტულს ლუჩანო სპალეტის გუნდს ვანიჭებ. სპალეტიმ მოსამზადებელ ეტაპზე შესანიშნავი სამუშაო შეასრულა. დე ლაურენტისმა, რომელიც ასე გააკრიტიკეს, რომ ბევრი ფული არ დახარჯა, შესანიშნავი გუნდი შექმნა. მხოლოდ ერთი ეჭვი მქონდა – ზელინსკი, მაგრამ ის ძალიან კარგად თამაშობს, ისევ როგორც ოსიმენი, კვარა კი იდეალურია. ზელინსკის „უდინეზეს“ დროიდან ვიცნობდი და მასში ფენომენი დავინახე, ვერ მივხვდი, როგორ არ აძლევდა გუიდოლინი მას თამაშის უფლებას.
– ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სკუდეტოს მოსაგებად „ნაპოლისთვის“ დიდ დაბრკოლებებს ვერ ვხედავ. იმიტომ, რომ ჯუნტოლიმ (ნეაპოლელთა სპორტული დირექტორი) ბაზრის ოსკარი უკვე მოიგო. „ნაპოლი“ საბოლოოდ მოიგებს სასურველ ტიტულს, რომელიც მარადონას შემდეგ არ მოუპოვებია. და ამას გააკეთებს ფენომენის წყალობით, სახელად კვარაცხელია!
– ამიტომ, დადგა დრო სხვა დიდ გუნდებთან გამკლავების: „იუვენტუსი“? მეოთხეზე თუ გავა, ეს უკვე სასწაული იქნება. ახლა „რომა“ უკეთესია. „ნაპოლი“ კი თამაშობს და გოლებიც გააქვს. მომწონს ასეთი ფეხბურთი, ვცადე „ნაპოლის“ არასწორი პასები დამეთვალა და ძალიან ცოტა აღმოჩნდა. ლობოტკა? მეტოქის ნაბიჯიც არ ეპარება, მაგრამ ანგისაც კარგია. მოკლედ, „ნაპოლის“ შესანიშნავი ნახევარდაცვა ჰყავს“, – ჯოვანი გალეონემ ეს პროგნოზი რადიო Kiss Kiss Napoli-ზე საუბრისას გამოთქვა.