„ნაპოლის“ ყოფილი მწვრთნელი - კვარაცხელიამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა #1TVSPORT
ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა, „ნაპოლის“ ყოფილმა დამრიგებელმა, ვალტერ ნოველინომ რადიო TMW-ში ისაუბრა სპალეტის „ნაპოლიზე“ და ნეაპოლელთა ქართველ ახალწვეულზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე.
„სპალეტის „ნაპოლის“ საიდუმლო ხარისხშია. კიდევ ერთი ძლიერი მხარე ახალწვეულები არიან. ჯუნტოლიმ რამდენიმე იდეალური მოთამაშე აიყვანა. კიმმა და კვარაცხელიამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. ლობოტკასაც უნიკალური თვისებები აქვს. ლოზანოც შარშანდელთან შედარებით ბევრად უკეთესია. სპალეტი აცდიდა მერეტის და შესანიშნავი მეკარე მივიღეთ.
– მთავარი მაინც ისაა, რომ ეს ნამდვილი გუნდია. ნეაპოლელთა კონკურენტი „მილანი“ კი იმავე დონეზე აღარ დარჩა. მწვრთნელის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. სპალეტი ტაქტიკურ პერსონალიზაციას და მოთამაშის ჩართულობას ეყრდნობა. მენეჯერებიც კარგად მუშაობენ. „ნაპოლიმ“ ცნობილი სახელები გაუშვა და რგოლებში ბალანსი აღადგინა.
– დღეს სპალეტი ისეთივე დადებით გავლენას ახდენს გუნდზე, როგორც შარშან ამას პიოლი „მილანში“ ახერხებდა. ფეხბურთში ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. მთავარი ისაა, რომ გუნდი ძალიან მაღალი კლასისაა“, – ამბობს ნოველინო.
ვალტერ ნოველინო თამაშობდა „კრემონეზეში“, „ემპოლიში“, „პერუჯაში“, „მილანში“ (რომელთან ერთადაც 1979 წელს იტალიის ჩემპიონატი მოიგო), „ასკოლიში“ და „კატანიაში“, 1978 წელს იტალიის ნაკრებში ერთი მატჩი ჩაატარა.
ნოველინომ სამწვრთნელო კარიერა „პერუჯაში“ დაიწყო; „ვენეციას“ იტალიის უმაღლეს დივიზიონში დარჩენაში დაეხმარა, ხოლო სერია A-ში ოთხი გუნდი გადაიყვანა – „რავენა“, „ნაპოლი“, „პიაჩენცა“ და „სამპდორია“.