„ნაპოლის“ ყოფილი მეკარე - კვარაცხელიასა და ოსიმენის წასვლის შემთხვევაში გუნდს კოპერფილდიც ვერ უშველის #1TVSPORT
„ნაპოლის“ ყოფილმა მეკარემ, სტეფანო სორენტინომ კლუბის შესაძლო დანაკარგზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ვიქტორ ოსიმენის წასვლის შემთხვევაში გუნდი საგრძნობლად დასუსტდება.
სტეფანო სორენტინო, რომელიც ასევე თამაშობდა „ტორინოში“, „პალერმოსა“ და „კიევოში“, ახლა ტელეკომენტატორია, ნეაპოლური კლუბის შესახებ კი „ტუტომერკატოსთან“ ისაუბრა.
„უნდა გვესმოდეს, „ნაპოლი“ რისკავს, დაკარგოს მერეტი, აუცილებლად დაკარგავს ზელინსკის, რომელიც მნიშვნელოვანი ფიგურააა და შესაძლოა, კვარაცხელია და ოსიმენიც წავიდნენ. და მათ ნაცვლად ვინ მოვა? ასეთ გუნდს დევიდ კოპერფილდიც რომ დაუნიშნონ, ისიც ვერ უშველის.
რეალური პრობლემა ისაა, რომ „ნაპოლის“ კარგი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ არ აქვს საკმარისად ძლერი „სკამი“ და რესურსი. საინტერესოა, სურს თუ არა დე ლაურენტისს კონტეს ან ალეგრის მრავალმილიონიანი კონტრაქტი გაუფორმოს და ძლიერი მოთამაშეები მოუყვანოს?“ – ამბობს „ნაპოლის“ ყოფილი მეკარე.
ამასობაში, გუნდის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე პოზიცია კიდევ ერთხელ შეიცვალა. „ნაპოლის“ პრეზიდენტი ერთი კვირის წინ აცხადებდა, რომ ქართველი თავდამსხმელის გამოსასყიდ თანხას შეამცირებდა, ახლა კი პირიქით, ფასის გაზრდა გადაწყვიტა, – ინფორმაციას Corriere del Mezzogiorno ავრცელებს.
„ნეაპოლელების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია ბევრი ტოპკლუბის ინტერესს იპყრობს, რომლებიც გამუდმებით ცდილობენ გარემარბის გადაბირებას, მაგრამ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს გადაწყვეტილი აქვს ფეხბურთელის შენარჩუნება. კვარაცხელიათი დაინტერესებულია „ბარსელონა“, მაგრამ სეზონის ბოლოს „ნაპოლის“ პრეზიდენტი კვარაცხელიასთვის ზღაპრულ გამოსასყიდ პუნქტს ამზადებს – 130-დან 150 მილიონ ევრომდე.
ასეთი ფული კატალონიურ კლუბს არ აქვს და „ბლაუგრანას“ აიძულებს, უარი თქვას გარემარბთან გარიგებაზე. „ნაპოლი“ მზადაა, ქართველს ხელფასი გაუზარდოს და ეს რაც შეიძლება მალე გაკეთდება. კვარაცხელიას მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს“, – წერს Corriere del Mezzogiorno.