„ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი - კვარაცხელიამ 10-ნომრიანი მაისური რომ მოირგოს, დიეგო ამით იამაყებდა #1TVSPORT
„10-ნომრიანი მაისურა ვაჩუქოთ კვარაცხელიას, ეს დიეგოსაც გაუხარდება“, – თქვა „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა სატელევიზიო შოუში მას შემდეგ, რაც კვარაცხელიამ „ატალანტასთან“ დაუვიწყარი გოლი გაიტანა.
ეს შეთავაზება გააკეთა „ნაპოლის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, პასკუალე კასალემ, რომელიც ამჟამად „ტელეკაპრისა“ და GtChannel-ის ეთერში გადაცემა GoalAnatomy-ს ტელეკომენტატორია. კასალეს ამ განცახდებამაც სოციალურ ქსელებში უკვე მწვავე დისკუსიები გამოიწვია.
მას მხარი დაუჭირა „ნაპოლის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, ბრუნო ჯორდანომ, რომელმაც ამის შესახებ Corriere dello Sport-თან ისაუბრა:
„კვარაცხელიამ „ნაპოლის“ 10-ნომრიანი მაისურა რომ მოირგოს, ეს დიეგოს სურვილიც იქნებოდა. მეტიც, ამით იამაყებდა. მე კვარაცხელიას მის ღირსეულ მემკვიდრედ მივიჩნევ: რა თქმა უნდა, მარადონა ყველა დროის უდიდესი და მიუწვდომელი ფეხბურთელია და არავის არ ჰგავს, მაგრამ კვარაცხლიას ლამაზი თამაშის სტილი ასეთ აღიარებას იმსახურებს“.
10-ნომრიანი მაისური, რომელსაც დიეგო არმანდო მარადონა „ნაპოლიში“ 1984-1991 წლებში ატარებდა, მსოფლიოს უდიდესი ფეხბურთელის პატივსაცემად 2000 წელს ხმარებიდან ამოიღეს და სამუდამოდ მარადონასთან გააიგივეს.
10-ით მარადონამ „ნაპოლიში“ მოიგო ორი სკუდეტო, უეფა-ს თასი, იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი. ნეაპოლელებისთვის და, ზოგადად, ფეხბურთის მოყვარულთათვის მარადონა გაიგივებულია 10-ნომრიან მაისურასთან.
დიდ ვარსკვლავებთან ასოცირებული ნომერი ხმარებიდან სხვა დიდ გუნდებშიც ამოიღეს – „აიაქსმა“ გააუქმა იოჰან კრუიფის 14-ნომრიანი მაისური, „ინტერმა“ და „მილანმა“ ფაკეტისა და მალდინის 3 ნომრები. საინტერესოა, რომ ასე მოიქცნენ „ანორთოსისშიც“, სადაც თემურ ქეცბაიას 14-ნომრიანი მაისურას აღარ იყენებენ.