„ნაპოლის“ ვიქტორ ოსიმენი უბრუნდება - ფეხბურთელი „ჯენოასთან“ სათამაშოდ მზად იქნება #1TVSPORT
აფრიკის ერთა თასის გათამაშების შემდეგ „ნაპოლის“ ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი უბრუნდება და სერია A-ს მომდევნო ტურის მატჩისთვის მწვრთნელის განკარგულებაში იქნება.
2024 წელს ოსიმენს ჯერ „ნაპოლის“ რიგებში არ უთამაშია. იანვრის დასაწყისში ის ნიგერიაში გაემგზავრა და ეროვნულ ნაკრებთან ერთად აფრიკის თასისთვის ემზადებოდა, კოტ დ’ივუარში გამართულ ტუნირზე კი ნიგერია ფინალში გავიდა და მასპინძელი ქვეყნის ნაკრებთან 1:2 დამარცხდა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ოსიმენს სურდა, გუნდს მოგვიანებით დაბრუნებოდა, თუმცა, კლუბის მესვეურების მოთხოვნით, ის 15 თებერვალს უკვე ვარჯიშზე გამოცხადდება, ხოლო 17 თებერვალს „ჯენოას“ წინააღმდეგ ითამაშებს.
იტალიის მოქმედი ჩემპიონის რიგებში 25 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 18 შეხვედრა ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა.