„ნაპოლის“ სპორტული დირექტორი - ჩვენი კლუბი კვარაცხელიას გაყიდვისთვის ჯერ მზად არ არის #1TVSPORT
„ნაპოლიმ“ დაადასტურა, რომ, ევროპული გრანდების ინტერესის მიუხედავად, ხვიჩა კვარაცხელია არ იყიდება, – ამტკიცებს გამოცემა sportsmole და „ნაპოლის“ სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯუნტოლის კომენტარს აქვეყნებს.
„ხვიჩა ფანტასტიკური ფეხბურთელია და მისი შენარჩუნება გვინდა. საქმე მხოლოდ მის ფასში არაა – უბრალოდ, კვარაცხელია ამ დროისთვის არ იყიდება, ჩვენი კლუბი მისი გაყიდვისთვის ჯერ მზად არ არის“, – განუცხადა ჯუნტოლიმ ჟურნალისტებს.
sportsmole-ზე გამოქვეყნებულ წერილში „ნაპოლის“ ამჟამინდელ წარმატებებში ქართველი ფეხბურთელის როლია ხაზგასმული.
„22 წლის ფეხბურთელი „ნაპოლიში“ ბათუმის „დინამოდან“ გასულ ზაფხულს 10 მილიონ ევროდ გადავიდა და სწრაფად ჩამოყალიბდა ლუჩანო სპალეტის გუნდის განუყოფელ ნაწილად. კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 10 გოლი გაიტანა, 11 საგოლე გადაცემა შეასრულა და გუნდს სერია A-ს ლიდერობაში დაეხმარა – ნეაპოლელებს კონკურენტი „ინტერი“ 15 ქულით ჩამორჩება.
ქართველმა ფეხბურთელმა ორი გოლი ჩემპიონთა ლიგაზეც გაიტანა, სამშაბათს ფრანკფურტის „აინტრახტთან“ 2:0 მოგებულ შეხვედრაში კი ამ ტურნირზე მეოთხე საგოლე პასი შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს, უკვე გავრცელდა ხმები, რომ ნეაპოლს მალე დატოვებს – ხვიჩას მიმართ ინტერესს მადრიდის „რეალი“, „პარი სენ-ჟერმენი“ და „მანჩესტერ სიტი“ ავლენენ.
ფეხბურთელის აგენტმა, მამუკა ჯუღელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კვარაცხელია „ნაპოლისთან“ ერთად სკუდეტოს მოგებაზეა ორიენტირებული, რომელიც გუნდს 1989/90 წლების სეზონის შემდეგ არ მოუგია.
გავრცელებულია ინფორმაცია, რომ „ნაპოლი“ აპირებს ხვიჩას გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზოს, რაც ხელფასის მნიშვნელოვან გაზრდას ითვალისწინებს“, – ვკითხულობთ sportsmole-ზე.