ნაპოლის“ შანსი - „მილანი“, შესაძლოა, ევროტურნირებიდან მოკვეთონ #1TVSPORT
ნაპოლის“ შანსი - „მილანი“, შესაძლოა, ევროტურნირებიდან მოკვეთონ #1TVSPORT

„მილანი“, შესაძლოა, ევროტურნირებიდან მოკვეთონ, რაც იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დამტკიცდება, რომ კლუბის რეალური მეპატრონის ვინაობა იმალება. ეს კი „ნაპოლის“ შანსია – ამის შესახებ სტატიას გამოცემა „არეა ნაპოლი“ აქვეყნებს.

„„მილანში“ დაწყებულმა გამოძიებამ შეიძლება გუნდი ევროთასების მიღმა დატოვოს და ჩემპიონთა ან ევროპის ლიგაზე გამსვლელი ადგილი გათავისუფლდეს. „ნაპოლი“ და სხვა იტალიური კლუბები ვითარებას აკვირდებიან.

მიმდინარე საფეხბურთო სეზონს ჯერ კიდევ ბევრი სიურპრიზის შეთავაზება შეუძლია – საქმე ეხება ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგაზე გამსვლელი ადგილებისთვის ბრძოლას. 12 მარტს მილანში ფინანსურმა გვარდიამ კლუბის რეალური მფლობელის  გასარკვევად გამოძიება დაიწყო. „მილანი“ კომპანია RedBird-ს ეკუთვნის, მაგრამ სამართალდამცველები და ფინანსისტები ეჭვობენ, რომ კლუბი კვლავ „ელიოტის ფონდის“ საკუთრებაა.

მილანის პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდება ძალიან მძიმეა. მოსამართლეების თქმით, კითხვები გაჩნდა „მილანის“ ეკონომიკურ, ქონებრივ და ფინანსურ მდგომარეობასა და კლუბის მფლობელებთან დაკავშირებით.

ცხადია, გამოძიება უნდა გააგრძელდეს, საინტერესოა, რა სასჯელი ელის „მილანს“ სპორტული კუთხით. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში კლუბს, შესაძლოა, სატურნირო ცხრილში ქულები დააკლონ ან, უკიდურეს შემთხვევაში, ქვედა ლიგაში დააქვეითონ, ეს კი ის ვითარებაა, საიდანაც „ნაპოლის“ შეუძლია ისარგებლოს“, – წერს „არეა ნაპოლი“.