„ნაპოლის“ პრეზიდენტმა ოფიციალურად დაადასტურა - კვარაცხელია ჩვენი ფეხბურთელია #1TVSPORT
„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ზაფხულში სატრანსფერო ფანჯრის დროს ხვიჩა კვარაცხელია გუნდის პირველი ახალწვეული გახდება და ახალი სეზონიდან ნეაპოლიტანელთა ლურჯ მაისურს მოირგებს.
ამის შესახებ აურელიო დე ლაურენტისმა ისაუბრა რადიოს, KK Napoli-სთან ვრცელ ინტერვიუში, რომელიც „ნაპოლის“ ოფიციალური პარტნიორია. დე ლაურენტისმა ბოდიში მოიხადა „ემპოლისთან“ ბოლო ტურში წაგების გამო და ქართველის შესახებ მნიშვნელოვანი განცხადება ამის შემდეგ გააკეთა.
„ნაპოლის“ პრეზიდენტის განცხადება ცხადყოფს, რომ კლუბი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა, რომ სამომავლოდ გუნდი ქართველი თავდამსხმელით გაძლიერებულიყო. კარლო ალვინოსთან ხანგრძლივი ინტერვიუს დროს „ნაპოლის“ პრეზიდენტმა კვარაცხელიას ტრანსფერი გაამხილა.
„ის „ნაპოლის“ მოთამაშეა. ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ბათუმის „დინამოს“ მაისურით უკვე რამდენიმე გოლი გაიტანა, მისი ბოლო გოლები ლამაზია და ნეაპოლიტანელ გულშემატკივართა გულებს ათბობს. კვარაცხელია ახალ სეზონში „ნაპოლის“ პირველი შენაძენი იქნება, მაგრამ „ხეტაფეს“ შემტევი მატიას ოლივეირაც უკვე გზაშია“, – განაცხადა აურელიო დე ლაურენტისმა.
ბოლოს ვიტყვით, რომ ცნობილი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიამ, რომლის ტრანსფერითაც ინგლისის პრემიერლიგის „ტოტენჰემიც“ იყო დაინტერესებული, „ნაპოლისთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.