„ნაპოლის“ პრეზიდენტმა მოულოდნელად პოზიცია შეიცვალა - კვარაცხელიასა და ოსიმენის გაყიდვა? გამორიცხული არაფერია #1TVSPORT
„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, რომელიც თავდამსხმელების, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის გაყიდვის სურვილს უარყოფდა, მოულოდნელად განაცხადა, რომ მათ ტრანსფერს არ გამორიცხავს.
„ზოგჯერ არის შემოთავაზებები, რომლებზეც უარს ვერ იტყვი. ასე რომ, არავინ იცის დანამდვილებით, ხვალ რა მოხდება. ამიტომ არასოდეს უნდა თქვა არასოდეს“, – ციტირებს TNT Mexico დე ლაურენტისს.
ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სურვილის შემთხვევაში შეძლებს „ნაპოლის“ ლიდერების გუნდში შენარჩუნებას.
მიმდინარე სეზონში 22 წლის კვარაცხელიამ ნეაპოლელთა შემადგენლობაში 25 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა. რაც შეეხება 24 წლის ოსიმენს, მის ანგარიშზე 24 შეხვედრაში 20 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
შეგახსენებთ, პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართველის დამატებით „მანჩესტერ სიტია“ დაინტერესებული, ნიგერიელის მიმართ კი ყურადღებას „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ჩელსი“ იჩენენ.