„ნაპოლის“ პრეზიდენტი ოსიმენის წასვლას არ გამორიცხავს - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე თამაშს „ნაპოლი“ იმსახურებს და არა „იუვენტუსი“ #1TVSPORT
„ნაპოლის“ პრეზიდენტმა „იუვენტუსს“ შეუტია – „ისინი არ მონაწილეობენ ევროპულ შეჯიბრებებში და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება არ უნდა მისცენ“.
„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა Financial Times-თან სხვადასხვა თემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე თამაშს „ნაპოლი“ იმსახურებს და არა „იუვენტუსი“. ასევე ისაუბრა ვიქტორ ოსიმენზე და არ გამორიცხა, რომ ნიგერიელი თავდამსხმელი კლუბს დატოვებს.
„ვწუხვარ „იუვენტუსის“ გამო, რადგან უეფა-მ ევროთასებიდან მოკვეთა, მაგრამ სამართლიანი იქნებოდა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ჩვენ წავსულიყავით. ვფიქრობ, რომ საბოლოოდ, ასეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რადგან თუ „იუვენტუსი“ ევროტურნირს ჩამოაშორეს, მაშინ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზეც არ უნდა დაუშვან.
ვიქტორ ოსიმენი დიდი ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ ვიცით: ნეაპოლი ფანტასტიკური ადგილია, არიან ფეხბურთელები, რომლებიც შეუყვარდათ და ჰამშიკის მსგავსად, 11 წელი დარჩნენ. ასევე არიან ისინიც, რომლებსაც იზიდავთ მადრიდის „რეალი“, პსჟ, „არსენალი“, „მანჩესტერ სიტი“, „ჩელსი“. ასე რომ, მათი შეჩერება შეუძლებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ კონტრაქტში ჩაწერილია გათავისუფლების პუნქტი, რომ გარკვეული საფასურით მათი ტრანსფერის გამოსყიდვაა შესაძლებელი.
დარჩება თუ არა მომავალ სეზონში ნიგერიელი თავდამსხმელი „ნაპოლიში“? ვინ იცის, ვინ წავა. ვნახოთ, რა იქნება. ფული „ნაპოლის“ ბოლო პრობლემაა. ჩვენ ყოველთვის გვქონდა შესანიშნავი გარიგებები, ისევე როგორც წარსულში. ფეხბურთელი შვილივითაა და როცა მიდის, ბედნიერი იქნები, თუ ის ყველგან ფანტასტიკურ წარმატებებს მიაღწევს“, – ამბობს დე ლაურენტისი.