„ნაპოლის“ პრეზიდენტი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას? მას უკვე ხუთწლიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული #1TVSPORT
„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ვრცელ ინტერვიუში სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. მან ასევე ჩემპიონთა ლიგაზე იტალიური დაპირისპირების გამო („ნაპოლი“ – „მილანი“) უეფა გააკრიტიკა.
„ჩემპიონთა ლიგაზე იტალიური წყვილი უეფა-ს ცუდი მუშაობის შედეგია. მეოთხედ რომ გვქონდეს იტალიის თასის მატჩი „მილანთან“, სასაცილო არ იქნებოდა?! ევროპულ შეჯიბრებებში „მილანსა“ და ჩვენ არა ერთმანეთთან, არამედ სხვა ევროპული ქვეყნის გუნდთან უნდა გვეთამაშა. სანამ უეფა-ს არ შევცვლით, ყველანი მათი მონები ვიქნებით და არა – რეალური საფეხბურთო ასოციაციის წევრები“, – ამბობს „ნაპოლის“ პრეზიდენტი.
ამის შემდეგ ლაურენტისმა მომღიმარი სახით კომენტარი კვარაცხელიას ახალ კონტრაქტზე გააკეთა.
„რა გახანგრძლივებაზე მელაპარაკებით? მას უკვე ხუთწლიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. იმის ნაცვლად, რომ სანახაობაზე ვისაუბროთ, ჩვენ ყოველთვის ფულზე საუბარს ვამჯობინებთ“, – დაასრულა დე ლაურენტისმა.