„ნაპოლის“ პარტნიორი რადიო - კვარაცხელიას ტრანსფერი დასრულებულია #1TVSPORT
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ვალტერ დე მაჯიომ მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე „ნაპოლის“ სტრატეგიაზე ნეაპოლიტანელთა პარტნიორ რადიო „გოლში“ ( მისი ხელმძღვანელია) ისაუბრა და განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი დასრულებულია.
„მალე ახალი სატრანსფერო ბაზარი გაიხსნება. ყველამ ვიცით, რომ ყაზანის „რუბინიდან“ კვარაცხელიას და „ხეტაფედან“ მათიას ოლივეირას (ურუგვაის ნაკრების 24 წლის მცველი) ტრანსფერი დასრულებულია. მაგრამ კლუბი ასევე ყურადღებით აკვირდება სხვა ტალანტებს, რომლებიც იტალიურ ლიგაში თამაშობენ. ჩემი ინფორმაციით, სპორტული დირექტორი კრიშტიანო ჯუნტოლი ამ ორი მოთამაშის ტრანსფერზე არ შეჩერდება“, – აღნიშნა დე მაჯიომ.
ამავე დროს, ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ „ჰელას ვერონასთან“ ანტონინ ბარაკასა და ნიკოლო კაზალეს თაობაზე მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება, ხოლო შემდეგი სამიზნე „ემპოლის“ მარცხენა მცველი ფაბიანო პარიზია.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინიდან“ უკრაინში განვითარებული მოვლენების შემდეგ წამოვიდა და ამჟამად საქართველოს ჩემპიონ ბათუმის „დინამოში“ თამაშობს.