„ნაპოლის“ ნახევარმცველი პიოტრ ჟელინსკი „ინტერში“ გადასვლასთან ახლოსაა #1TVSPORT
სეზონის დასრულების შემდეგ იტალიის მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი“, შესაძლოა, კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვოს. გამოცემა Il Mattino-ს ინფორმაციით, პიოტრ ჟელინსკი მილანის „ინტერში“ გადასვლასთან ახლოსაა.
გამოცემის ცნობით, 29 წლის ფეხბურთელმა იტალიური ფეხბურთის გრანდთან პირადი კონტრაქტის დეტალებიც შეათანხმა. ის მილანურ გუნდში სამი წლის განმავლობაში დარჩება და ანაზღაურების სახით 4.5 მილიონ ევროს მიიღებს სეზონში.
„ნაპოლის“ პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ჟელინსკისთან კონტრაქტის გაგრძელება სურდა, თუმცა ფეხბურთელს შეთავაზებული პირობები არ მოსწონს და ის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, მისი კონტრაქტი კლუბთან 2024 წლის 30 ივნისს იწურება.
პოლონელი „პარტენოპეის“ რიგებში 2016 წლიდან ირიცხება. მან გუნდის მაისურით 350 მატჩი ჩაატარა და 50 გოლი გაიტანა. 2023 წელს „ნაპოლისთან“ ერთად ჟელინსკიმ – სერია A, ხოლო 2020 წელს იტალიის თასი მოიგო.