„ნაპოლის“ მწვრთნელი - ვეცდებით, „რეალთან“ წარმატებით ვითამაშოთ და მერვედფინალში ადგილი მოვიპოვოთ #1TVSPORT
„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაძარიმ მადრიდის „რეალთან“ შეხვედრამდე პრესკონფერენცია გამართა და ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
„დიდ ემოციას არ ვგრძნობ. წლებია, მწვრთნელი ვარ და ვფიქრობ, რა უნდა გავაკეთო, იქნება ეს ამ დონის თამაშები თუ სხვა, მნიშვნელობა არ აქვს. გვესმის, რომ უნდა დავუპირისპირდეთ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, რომელსაც დიდი მწვრთნელი ჰყავს. ორივე გუნდის სიძნელეები ცნობილია, მაგრამ ჩვენ მაინც გვინდა, მაქსიმუმი გავაკეთოთ.
„რეალის“ მწვრთნელთან, კარლო ანჩელოტისთან ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს. ადრე ხშირი ურთიერთობა გვქონდა. მას უსაზღვრო პატივს ვცემ, რადგან დიდი სპეციალისტი და კარგი ადამიანია. ყოველთვის სიმშვიდეს ავლენს და შესანიშნავი მაგალითია, თუ როგორ უნდა ხელმძღვანელობდე გუნდს.
ჩვენი პრობლემები ცნობილია – იესპერ ლინდსტრომი, მატიას ოლივერა და მარიო რუი ტრავმის გამო ვერ ითამაშებენ. დიეგო დემე კი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ არის. ბოლო ინფორმაციით, ვიქტორ ოსიმენი მხოლოდ ერთი ტაიმის სათამაშოდ არის მზად.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ვეცდებით, „რეალთან“ წარმატებით ვითამაშოთ და მერვედფინალში ადგილი მოვიპოვოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოლო თამაში რთული იქნება და შეცდომების დაშვების უფლება არ გვექნება“, – განაცხადა ვალტერ მაძარიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისთან“ მატჩს „რეალი“ მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება. ტრამების გამო გუნდს ტიბო კურტუა, კეპა არასაბალაგა, მილიტაო, ედუარდო კამავინგა, აურელინ ჩუამენი, ვინისიუს ჟუნიორი და ლუკა მოდრიჩი ვერ დაეხმარებიან.
„რეალისა“ და „ნაპოლის“ შეხვედრა 29 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.