„ნაპოლის“ მწვრთნელი - „უნიონთან“ მოგებას ვიმსახურებდით, შედეგით იმედგაცრუებულნი ვართ #1TVSPORT
„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ ჩემპიონთა ლიგაზე ბერლინის „უნიონთან“ ფრედ დასრულებული (1:1) მატჩი შეაფასა და იმედგაცრუება არ დამალა.
„გაშვებულმა ბურთმა საქმე ძალიან აგვირია. გამარჯვებას ვიმსახურებდით, მაგრამ დასანანი გოლი გავუშვით. როცა ეთამაშები გუნდს, რომელიც კონტრშეტევაზე სწრაფად გადადის, დაცვაში ასე მოდუნება არ შეიძლება. შედეგით, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულნი ვართ.
საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეოთხე მატჩი ვერ მოვიგეთ – ორი იტალიის ჩემპიონატში და ორიც – ჩემპიონთა ლიგაზე. ეს სერია კვირას, „ემპოლისთან“ უნდა დავასრულოთ. ჩვენ გვჭირდება მოგება, რათა ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ. ოსიმენის დაბრუნებას რაც შეეხება, „ემპოლისთან“ მატჩამდე ალბათ არაფერი შეიცვლება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ „ატალანტასთან“ სათამაშოდ მზად იქნება.
ვცდილობდით მეორე გოლის გატანას, მაგრამ პრობლემა იყო ბოლო პასი და ზუსტი დარტყმა. ბოლო დროს გუნდთან სასაყვედურო არაფერი მაქვს, გარდა „უნიონთან“ მეორე ტაიმში ჩაგდებული მონაკვეთისა, როცა მეტოქემ ანგარიში გაათნაბრა. უნდა ვეცადოთ, რომ გოლს საერთოდ არ ვუშვებდეთ, განსაკუთრებით, „მარადონაზე“. ამაზე ვიმუშავებთ და ვიპოვით პრობლემის გადაჭრის გზას“, – განაცხადა რუდი გარსიამ.