„ნაპოლის“ მწვრთნელი - „რეინჯერსი“ ისტორიულ სტადიონზე ტექნიკური ფეხბურთით უნდა დავამარცხოთ #1TVSPORT
„რეინჯერსთან“ ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ მატჩამდე „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ იმედი გამოთქვა, რომ ძლიერ და ტრადიციულ კლუბს ტექნიკური ფეხბურთით დაამარცხებენ.
„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ დიდ სტადიონზე დიდებული და მსოფლიო ისტორიაში შესული კლუბის წინააღმდეგ სათამაშოდ. დაუყოვნებლივ მოგვიწევს შევიგრძნოთ ის ატმოსფერო, რომელიც შოტლანდიაში თამაშს ახლავს, მაგრამ ასეთი შეხვედრებია ფეხბურთის ხიბლი.
როდესაც „რეინჯერსი“ შინ თამაშობს, მათ ემატებათ ძალა და მოტივაცია, რადგან „აიბროქსის“ სტადიონს შეუძლია იმ იმპულსის გადაცემა, რომელიც უზარმაზარ ენერგიად იქცევა, მაგრამ ველოდები, რომ „ნაპოლი“ დიდი მონდომებით ითამაშებს და საკუთარ თავს ძალიან დიდი აუდიტორიის წინაშე ღირსეულად წარმოაჩენს.
იტალიაშიც ვითამაშეთ ისეთ გარემოში, რომელსაც შეეძლო ჩვენზე ზემოქმედება მოეხდინა, მაგრამ სათამაშო კლასის ხარჯზე ვახერხებდით გამარჯვებას. ხვალ კარგად თამაშის მხოლოდ ერთი გზაა – ბურთის შენარჩუნება და მისი გაკონტროლება. ეს უნდა დავუპირისპიროთ მეტოქის ენთუზიაზმს. ამავე დროს, მეტოქის წინააღმდეგობა ჩვენი ტექნიკური თამაშით უნდა გადავლახოთ.
ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა ისევე გვახარებს, თითქოს ეს საშობაო საჩუქარია. საერთოდ, ფეხბურთმა სიხარული უნდა მოგვანიჭოს და დაძაბულობა ასე უნდა დავძლიოთ. ერთადერთი, რაზეც ვწუხვართ, არის ის, რომ მატჩს ჩვენი გულშემატკივარი არ დაესწრება, მაგრამ ისინი იქნებიან ტელევიზორებთან და მთელი გულით გაგვამხნევებენ. ჩვენ მათ ენერგიას შორიდანაც ვგრძნობთ“, – განაცხადა ლუჩიანო სპალეტიმ გლაზგოში, „რეინჯერსთან“ მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.