„ნაპოლის“ მწვრთნელი - კვარაცხელიას მოედანზე დატოვებით გავრისკე #1TVSPORT
„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაძარიმ იტალიის სერია A-ს 24-ე ტურის შეხვედრა შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა ფრედ, 1:1 დაასრულა. იტალიელმა სპეციალისტმა აღიარა, რომ მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიას დატოვება სარისკო იყო.
„მსურს, ყველა ფეხბურთელი მოედანზე ვიხილო. ტრაორეს სათამაშო დრო ერთთვიანი მზადების შემდეგ მივეცი. ოსტიგორი გაძევების ზღვარზე იყო და ნათანით ამიტომ შევცვალე, ასეთივე ამბავი იყო კვარაცხელიას შემთხვევაშიც, მაგრამ ის დავტოვე და გავრისკე, რადგან ხვიჩა ჩვენთვის საკვანძო მოთამაშეა.
ნგონგე მეტ სათამაშო დროს იმსახურებს, მაგრამ ის იანვარში დავიმატეთ, ხოლო მის პოზიციაზე ისეთი ფეხბურთელი გვყავს, რომელიც გასულ წელს ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო, ამიტომ ასეთი ცვლილება ადვილი არაა. ერთია „ვერონაში“ თამაში და მეორე – იტალიის ჩემპიონის რიგებში, თუმცა ეტაპობრივად მას მეტი შანსი მიეცემა“, – განაცხადა ვალტერ მაძარიმ.