„ნაპოლის“ მწვრთნელი - კვარაცხელიამ თავი კარგად წარმოაჩინა #1TVSPORT
„ნაპოლის“ მწვრთნელი - კვარაცხელიამ თავი კარგად წარმოაჩინა #1TVSPORT

იტალიური საფეხბურთო კლუბის, „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ესპანურ „მალიორკასთან“ ამხანაგურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას გამოსვლაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების თავდამხმელმა დავალებებს თავი გაართვა.

„კვარაცხელია თავის საქმეს გაუმკლავდა, ისევე როგორც დანარჩენი მოთამაშეები. მან იცის, როგორ აჯობოს მეურვეებს. ზოგიერთ მომენტში მას არ გაუმართლა, მან ბევრჯერ თავი კარგად წარმოაჩინა – ჩვენ ყველამ უკეთესად უნდა ვითამაშოთ, მაგრამ პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ“, – თქვა სპალეტიმ შეხვედრის შემდეგ TuttoMercatoWeb-თან ინტერვიუში.

„ტეოფილო პატინის“ სტადიონზე გამართული მატჩი ანგარიშით 1:1 დასრულდა. კვარაცხელიამ მოედანზე 71 წუთი გაატარა. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ ბათუმის „დინამოდან“ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გადავიდა, სატრანსფერო თანხამ კი 10 მილიონი ევრო შეადგინა. 21 წლის ქართველმა კონტრაქტი 2026/2027 წლების სეზონის ბოლომდე გააფორმა.

სერია ა-ში სეზონის დაწყებამდე „ნაპოლი“ კიდევ ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს – 3 აგვისტოს „ჟირონას“ დაუპირისპირდება, 6 აგვისტოს – „ესპანიოლს“. იტალიის ჩემპიონატში კი გუნდი 15 აგვისტოს პირველ მატჩს „ჰელას ვერონას“ წინააღმდეგ გამართავს.