„ნაპოლის“ მწვრთნელი - კვარაცხელია მაღალი კლასის მოთამაშეა, რომელსაც ძალიან ვენდობით #1TVSPORT
„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ შეკრების დაწყების შემდეგ პირველი პრესკონფერენცია დიმარო ფოლგარიდას ბაზაზე გამართა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.
– როგორია ახალწვეულებზე პირველი შთაბეჭდილებები?
– კვარაცხელია და ოლივერა ორი მაღალი კლასის მოთამაშეა, რომელთაც ძალიან ვენდობით. ახლა ორივე ინდივიდუალურად ვარჯიშობს, რათა ეტაპობრივად მაქსიმალურ კონდიციებში მივიდნენ. ჩვენ ვიცით ორივეს ფასი და მოხარული ვართ, რომ ისინი ჩვენთან არიან.
– მარცხენა ფლანგზე ინსინიეს გარეშე რა ვარიანტები გაქვთ?
– მარცხნივ გვყავს კვარა, რომელსაც შესანიშნავი თვისებები აქვს, გვყავს ზერბინიც, ნიჭიერი ბიჭი, ხოლო უკან მარიო რუისი და ოლივერა, რომლებმაც იციან, ოსიმჰენი როგორ მოამარაგონ.
– სკუდეტოს არმოგება ხელიდან გაშვებული შანსია?
– როდესაც ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ, გვავიწყდება, წინა სეზონები საიდან დავიწყეთ და საიდან მოვედით. ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა და ყოველთვის საუკეთესო ოთხეულში დარჩენა გუნდისთვის გამორჩეული მიზანია. მიიღეთ შედეგი. რაც მთავარია, თქვენ უნდა იყოთ ობიექტური შეფასებებში. შარშან ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მელოდია მოგვესმინა. ამაზე ფიქრი ყოველ დილით ჩემში სიამოვნებას იწვევს.
– ჩემპიონატისთვის მზადება როგორ მიმდინარეობს?
– მონდომებით უნდა ვივარჯიშოთ, სეზონის ძლიერი დაწყება რომ შევძლოთ. ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი ასისტენტი სინატი და დარწმუნებულები ვართ, რომ გუნდის მწვერვალზე თავიდან აყვანა შეგვიძლია.
– როგორ ფიქრობთ, „ნაპოლი“ სკუდეტოსთვის და ჩემპიონთა ლიგაზე ბრძოლაში კონკურენტუნარიანი იქნება?
– თუ იქნებიან გარკვეული დონის მოთამაშეები, რომლებიც ინდივიდუალურ დონეს გამოავლენენ, ჩვენ შეგვიძლია საკუთარი სიტყვა ვთქვათ. ჩვენ ვეკუთვნით ჯგუფს, რომელიც განსხვავდება ევროპის დიდი კლუბებისგან, რომლებსაც ვარსკვლავები ჰყავთ. შესაბამისად, თამაშში მოგვიწევს ისეთი სიახლეების ძებნა, რომ ამ ტურნირებზე კონკურენტუნარიანები ვიყოთ. სკუდეტოსთვის დიდი მეტოქეები გვყავს და ყველაფერს გავაკეთებთ, მათთან ბრძოლა რომ შევძლოთ.
– როგორ აფასებ „ნაპოლის“ და რა ამბიციები გაქვს?
– ვფიქრობ, შარშან ფანტასტიკური თამაშები ვითამაშეთ. ბიჭები ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებდნენ, ხაზს უსვამდნენ სურვილს, რომ გულშემატკივრებისთვის სიამოვნება მიენიჭებინათ. წელსაც მათ თვალებში იგივე სურვილი და მონდომება დავინახე, რომ წარმატებისთვის ყველაფერი გაიღონ. დაგვჭირდება კლასი, ტექნიკა, ხასიათი, ფიზმომზადება და ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია კონკურენციისთვის.