„ნაპოლის“ მწვრთნელი - კვარა ცხოვრებაში მორცხვია, ყურადღების ცენტრში ყოფნა არ სურს, მაგრამ მოედანზე ძალიან თავდაჯერებულია #1TVSPORT
„ნაპოლის“ მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ კომენტარი გააკეთა სერია „ა“-ს მე-5 ტურში რომის „ლაციოსთან“ გასვლით მატჩში მოგებაზე (1:2) და ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომლის გოლმაც ნეაპოლელებს 3 ქულა მოუტანა.
„ჩვენ შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ და კარგი რეაქცია გამოვავლინეთ მაშინ, როდესაც „ლაციო“ დაწინაურდა. გუნდი უტევდა, რაც მე ძალიან მომეწონა, მაგრამ ხანდახან რაღაც შეცდომებს ვუშვებთ. დრიბლინგის ფაზაში ვინც გვყავს, მათი ხარისხით უკეთესი შეტევების განხორციელება შეგვიძლია“, – ამბობს ლუჩანო სპალეტი.
სპალეტის ჰკითხეს კიმ მინ ჯესა და ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელთა გოლებითაც „ნაპოლიმ“ გასვლაზე მოიგო:
„ჩვენ გვყავს კარგი სელქციონერები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ. როცა ოთხ-ხუთი კაცი დაიწყებს შენს დარწმუნებას, რომ ესა თუ ის ფეხბურთელი კარგია, მათი აყვანაზე დაფიქრდები. კვარამ უკვე ითამაშა რუსეთში და გასაგებია, რომ ახლა იტალიაში ადაპტაციას გადის, მაგრამ ეს ახალ ქვეყანაში მოსვლისას ნორმალურია. კიმიც და კვარაც კარგად შეეწყო გუნდს და შესანიშნავი ბიჭები არიან“.
გახარებულმა სპალეტიმ კვარაცხელიას ადამიანურ თვისებებზეც ისაუბრა:
„კონტრაქტს რომ მოაწერა ხელი, სახლში დავპატიჟე ჩაის დასალევად. მას შეუძლია ბურთის კონტროლი და ამის სუფთად აკეთებს, მაგრამ ისეთი მორცხვია… არასოდეს სურს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ როცა ფეხბურთს თამაშობს, ძალიან თავდაჯერებულია. რაც შეეხება დღევანდელ მატჩში გაკვირვებული ვარ თუ არა კვარაცხელიათი, მე უფრო ის მიკვირს, რომ მან მეორე ტაიმის დასაწყისში გოლი რომ ვერ გაიტანა, რადგან ის ძალიან ტექნიკურია“.
ჩემპიონთა ლიგისა და ოთხშაბათს „ლივერპულთან“ მატჩის შესახებ კი „ნაპოლის“ მწვრთნელმა თქვა, რომ ასეთივე თამაში ინგლისელებთანაც უნდა აჩვენონ:
„ახლა მნიშვნელოვანია ამ მატჩს კარგად მომზადებულები შევხვდეთ. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ მაღალ განზომილებაში დარჩენა შეგვიძლია“.
ხვიჩა კვარაცხელიამ სერია „ა“-ში ჩატარებულ 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა და პლუს ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა და კიდევ ორ ფეხბურთელთან ერთად ბომბარდირებში ლიდერობს. „ნაპოლიმ“ „ლაციოსთან“ მოგებით (1:2) კი 11 ქულა დააგროვა, როგორც „მილანმა“, მაგრამ კვარაცხელიას გუნდი დამატებითი მაჩვენებლებით გალიდერდა.