„ნაპოლის“ მწვრთნელი „იუვენტუსთან“ დაპირისპირებაზე - ჩემი კოლეგა ალეგრი არ იყო გულწრფელი, როდესაც ფავორიტად დაგვასახელა #1TVSPORT
სერია A-ს ლიდერი „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატის ტურის ცენტრალურ მატჩში მეორეადგილოსან „იუვენტუსს“ „სტადიო დიეგო მარადონაზე“ უმასპინძლებს. დაპირისპირებამდე („ნაპოლი“ კონკურენტს შვიდი ქულით უსწრებს) ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლის“ ფეხბურთელები მსუბუქად ავარჯიშა, მაგრამ მატჩის წინა შეკრებაზე უარი თქა და მოთამაშეები სახლში გაუშვა. ოღონდ მკაცრად გააფრთხილა, რომ გარეთ არ გავიდნენ და მატჩისთვის კარგად მოემზადონ, გუნდი კი დილით შეიკრიბება.
„ნაპოლის“ მწვრთნელმა „იუვენტუსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და მომავალ დაპრისპირებასა და სხვა საკითხებზე ისაუბრა. თავიდან კი ფანების კონფლიქტს შეეხო.
„აურზაური და ხულიგნები, ვისაც ფეხბურთის გამოყენება არეულობის მოსაწყობად უნდა, სტადიონებსა და სპორტულ ღონისძიებებზე არ გვჭირდება. სტადიონი ეკუთვნის ხალხს. სპორტი არის თავგანწირვა და ხალხის სიამოვნება, ამიტომ ეს ხალხი სახლში უნდა დარჩეს და თუ იქ არ დარჩებიან, უნდა აიძულონ, რომ სტადიონზე არ შემოვიდნენ. „იუვენტუსთან“ ხვალინდელ სუპერთამაშამდე ჩემი კოლეგა მასიმილიანო ალეგრი არ იყო გულწრფელი, როდესაც უძლიერეს გუნდად და ფავორიტად დაგვასახელა. მესმის, რომ ალეგრისთვის ჯობს, თავიდან ისე აჩვენოს, თითქოს მეორეხარისხოვან როლშია, მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვი მის გუნდზე, რომელიც ჩემპიონებითაა სავსე და ამიტომ შეუძლებელია, ფავორიტებში არ იყოს.
„იუვენტუსთან“ მატჩი არის საჩემპიონო დაპირისპირება და მისი შედეგი „ნაპოლისთვისაც“ მნიშვნელოვანია და „იუვენტუსისთვისაც“. იმაში არ დავეთანხმები მასიმილიანო ალეგრის, რომ „ნაპოლის“ „იუვენტუსზე“ მეტი აქვს დასაკარგი, მაგრამ მოგება ჩვენ ჩემპიონატის ფავორიტებად გვაქცევს. ასეთ გუნდთან, რომელიც დაცვაში კარგად თამაშობს, ათი საგოლე მომენტის შექმნა რთული იქნება. „იუვენტუსი“ სივრცეებს ამცირებს და საშუალოზე მაღალი ხარისხი გვჭირდება, რომ შანსები გამოვიყენოთ. შეგვხდება სირთულეები, მაგრამ „ნაპოლის“ აქვს ყველაფერი, რომ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ. რამე უნდა შეიცვალოს თუ არა „ნაპოლის“ თამაშში? შესაძლოა, იყოს შეცვლები გარკვეულ პოზიციებზე. ახალი და ენერგიით სავსე მოთამაშეები გარკვეულ მომენტებში აძლიერებენ თამაშს და ზრდიან სიჩქარეებს. შეიძლება, ასეთმა სვლებმა რაღაც შეცვალოს“, – ამბობს ლუჩიანო სპალეტი.