„ნაპოლის“ კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელიაზე - „სკუდეტო“ პირველივე სეზონში მოიგო, მან ეს ტიტული დაიმსახურა [ვიდეო] #1TVSPORT
იტალიის ჩემპიონის ტიტულის ოფიციალურად მოპოვების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ გასახდელში იტირა. გუნდის კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ კი „ნაპოლის“ წარმატებაში ხვიჩას განსაკუთრებულ როლს ხაზი გაუსვა, – წერს იტალიური გამოცემა „არეა ნაპოლი“ ქართველი შემტევის შესახებ.
„ის გუნდში მოვიდა და პირველივე სეზონში „სკუდეტო“ მოიგო. მან ეს ტიტული იმ ყველაფრისთვის დაიმსახურა, რაც ჩვენთვის გააკეთა. მშვიდი ადამიანია და მოედანზე გვეხმარება“, – თქვა დი ლორენცომ.
ქართველი „უდინეზესთან“ მატჩის შემდეგ გასახდელში ატირდა. ნეაპოლელთა 77-ე ნომერი მეკარე ალექს მერეტმა დაინახა და სცადა, გაემხიარულებინა.
ლუჩანო სპალეტიმ შექმნა შესანიშნავი გუნდი, ფეხბურთელები ერთმანეთს მუდამ ეხმარებიან. კვარა კი ალბათ ამ წარმატებას ვერ წარმოიდგენდა, როცა სეზონის დასაწყისში „ნაპოლიში“ გადავიდა“, – ვკითხულობთ გამოცემაში.
„პარტენოპეიმ“ „სკუდეტო“ 33 წლის შემდეგ მოიგო. კვარაცხელია კახა კალაძის შემდეგ პირველი ქართველია, ვინც იტალიის ჩემპიონი გახდა. საქართველოს ნაკრების წევრმა მიმდინარე სეზონში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.