იტალიის სერია A-ს სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება მესამე ტურის არგამართულ შეხვედრაზე „იუვენტუსსა“ და „ნაპოლის“ შორის.
ნეაპოლურ კლუბს ჩაეთვალა ტექნიკური წაგება 0:3. გარდა ამისა, ჯენარო გატუზოს გუნდს ერთი ქულა ჩამოაკლეს.
შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს, „ნაპოლი“ არ ჩავიდა ტურინში სათამაშოდ მას შემდეგ, რაც გუნდის ორ ფეხბურთელს დაუდგინდა კორონავირუსი. კლუბი ამტკიცებდა, რომ ნეაპოლის სამედიცინო ორგანოებმა აუკრძალეს კლუბის წარმომადგენლებს ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილება იმის გამო, რომ არ არსებობს აბსოლუტური უსაფრთხოების პირობები.
„იუვენტუსსა“ და სერია A-ს მიაჩნია, რომ შემთხვევა არ შეესაბამება პროტოკოლს, რომელიც სეზონის წინ ყველა კლუბმა შეიმუშავა და დაავადების ორმა შემთხვევამ არ შეიძლება გამოიწვიოს მატჩის გაუქმება. სადისციპლინო კომიტეტმა დაადგინა, რომ „ნაპოლის“ არ ჰქონდა საკმარისი საფუძველი თამაშის გამოტოვებისთვის. გამოძიების შედეგებით გადაწყდა, რომ ეს შემთხვევა არ შეიძლება ფორს-მაჟორად ჩაითვალოს.