„ნაპოლის“ დირექტორმა კალაძესთან საუბარი და ყაზანელთა „მადა“ გაიხსენა - „რუბინმა“ კვარაცხელიაში 30 მილიონი მოითხოვა, ჩვენ კი ბათუმიდან 10 მილიონად წამოვიყვანეთ #1TVSPORT
„კორიერე დელო სპორტთან“ ინტერვიუში „ნაპოლის“ დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ გაიხსენა, თუ როგორ მოახერხა კლუბმა „იუვეს“, „რომასა“, „რეალ სოსიედადის“ დამარცხება და ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა.
„პართენოპეიმ“ სეზონი მაღალ ნოტაზე დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დაწყებამდე კულიბალი, ფაბიან რუისი, ლორენცო ინსინიე, დრის მერტენსი და დევიდ ოსპინა წავიდნენ.
მათ ყოფილი კაპიტნის შემცვლელად ბათუმის „დინამოდან“ კვარაცხელია დაიმატეს და ქართველმა ფეხბურთელმა მარადონას სტადიონზე დიდი გავლენა მოახდინა მიმდინარე სეზონში – ხვიჩამ ყველა შეჯიბრში (ექვს მატჩში) ოთხი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.
„პირველად ხვიჩა საქმეში კოვიდკარანტინის დროს ვნახე. ის დაახლოებით 19 წლის იყო, მაგრამ უკვე ძალიან კარგად ფლობდა ბურთს. შეხვედრას გატუზოსთან ერთად (მაშინ „ნაპოლის“ წვრთნიდა) ვუყურე და მახსოვს, კალაძეს დავურეკეთ ამ ბიჭის შესახებ მეტის გასარკვევად. ის ყაზანის „რუბინში“ თამაშობდა, მაგრამ მათ 30 მილიონი ევრო უნდოდათ, ამიტომ მოლაპარაკება მაშინვე შევწყვიტეთ. მაშინ ვიკტორ ოსიმენს დავდევდით და ამდენს ვერ დავხარჯავდით, მაგრამ ის ჩემს ფიქრებში დარჩა. უკრაინის ომი რომ დაიწყო, კვარაცხელია საქართველოში, ბათუმის „დინამოში“დაბრუნდა. ვიჩქარეთ, იქ კონტრაქტით ჩავედით და ხელშეკრულება 10 მილიონ ევროდ გავაფორმეთ. ჩვენ უფრო სწრაფები ვიმოქმედეთ, ვიდრე „რომამ“, „იუვენტუსმა“ და „რეალ სოსიედადმა“. ეს ტრანსფერი ყოველთვის იყო ჩვენს დღის წესრიგში. როდესაც ის იტალიაში ჩავიდა, სპალეტის სახლში გავუშვი და მაშინვე რაღაც ნაპერწკალი გაჩნდა. ლორენცო ინსინიეს შემცვლელად მოვიყვანეთ და ამით ძალიან მოვიგეთ“, – განუცხადა ჯუნტოლიმ „კორიერე დელო სპორტს“.
„ნაპოლის“ დირექტორი ამბობს, რომ ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს მისი მიზანი ხარჯების შემცირებასთან ერთად, გუნდის გაძლიერება იყო და ქართველი ფეხბურთელის ხელფასი პირველად გაასაჯაროვა:
„ბევრ ფეხბურთელს მოუწია წასვლა. კვარას შემოსავალი კი 1,7 მილიონი ევროა, გადასახადების შემდეგ – 1,2 მილიონ ევრო. ლორენცოს კი 9 მილიონ ევრო ჰქონდა, საიდანაც სუფთად 4,5 მილიონი ევრო რჩებოდა. დასამალი არაა, რომ კულიბალი, ინსინიე, მერტენსი და რუისი ფინანსური მიზეზების გამო წავიდნენ. ჩვენ გარისკვა მოგვიხდა, რადგან კოვიდმა ჩვენს ფინანსურ მდგომარეობაზე გავლენა მოახდინა და კლუბი მდგრადი განვითარების გზაზე უნდა დაგვებრუნებინა. ამისათვის ჩვენ მოგვიწია სახელფასო ფონდის შემცირება. ყოფილი ლიდერების გაყიდვაც იძულებითი არჩევანი იყო“.