„ნაპოლის“ დირექტორი საქართველოს ესტუმრა და ბიზნეს-სტრატეგია შეიმუშავა - კვარაცხელია „ადამიანი-ობობას“ მსგავს ბრენდად იქცევა #1TVSPORT
იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიას სახელის გამოყენებით უკვე ბიზნეს-სტრატეგიასაც აწყობენ. ამის შესახებ „ნაპოლის“ საერთაშორისო განვითარების დირექტორმა ტომაზო ბიანჩინიმ რომში სოციალური ფეხბურთის სამიტზე განაცხადა.
მისი თქმით, ქართველი ფეხბურთელი არის ბრენდი, რომლის გამოყენებითაც ბიზნეს-სტრატეგიას აწყობენ და ამ მიზნით საქართველოსაც ესტუმრნენ.
„რას ნიშნავს კლუბისთვის ინვესტიცია? ჩვენ მუდმივად სატრანსფერო პროცესში ვართ, მაგრამ პანდემია დაგვეხმარა გაგვეგო, რომ შესაძლოა, საჭირო იყო წლების განმავლობაში სტანდარტიზებული სასელექციო მოდელის მიღმა გადასვლა.
ტოპ-კლუბი, რომელსაც სურს გაუმკლავდეს ბაზარს და რომელსაც ყოველთვის აქვს სურვილი გაზარდოს ბრუნვა, საჭირო დროს წლების განმავლობაში დანერგილი მუშაობის სტილს უნდა ცვლიდეს. ფულის გამომუშავებისთვის საჭირო იყო ახალი ბიზნეს-სტრატეგია.
ყველაფერი დაიწყო ჩემსა და „მილანის“ მენეჯერ ლუკა ბალდანსას შორის სატელეფონო საუბრით, რათა ერთად დაგვესახა გზა, რაც იტალიური ფეხბურთისთვის საუკეთესო არჩევანი იქნებოდა.
მოვიყვან „ნაპოლის“ მაგალითს, რომელიც იყენებს მოთამაშეთა გამოსახულების უფლებებს, რამაც დიდი ეფექტი მოგვცა.
ამ გუნდში ბევრი სუპერგმირია. მაგალითად, კიმი და კვარაცხელია მარველის სუპერგმირებივით არიან, რომლებიც შეგვიძლია ჩვენი პროდუქციის რეკლამირებისთვის სამხრეთ კორეასა და საქართველოში გამოვიყენოთ. მათ შესახებ ამ ქვეყნებში ისტორიებს შევქმნით.
კვარაცხელიას ბრენდის გამოსაყენებლად საქართველოში ჩავედით. შევქმენით ისტორიები სუპერგმირების შესახებ, რომლებიც ქმნიან გუნდებს და შემდეგ ქმნიან სერია A-ს ისტორიას“, – განაცხადა „ნაპოლის“ მენეჯერმა.
Marvel Comics — ამერიკული კომიქსებისა და მასთან დაკავშირებული მედია-კომპანიაა. Marvel-ის გმირებს შორისაა კაპიტანი ამერიკა, ფანტასტიკური ოთხეული, ჰალკი, რკინის კაცი, ადამიანი-ობობა, იქს-ადამიანები და სხვანი. უმრავლესობა ამ გმირებისა ერთ რეალობაში არსებობს, რომელსაც Marvel Universe-ს უწოდებენ.