„ნაპოლის“ ჩემპიონობის ოფიციალურად გაფორმება მომდევნო ტურში შეუძლია #1TVSPORT
ნეაპოლელებმა „იუვენტუსთან“ მოგებით (1:0) სეზონის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე მაურისიო სარის „ლაციოსთან“ უპირატესობა 17 ქულამდე გაზარდეს. ლუჩანო სპალეტის გუნდს სკუდეტომდე ერთი ნაბიჯი აშორებს და ჩემპიონობის ოფიციალურად გაფორმება მომდევნო, 32-ე ტურში შეუძლია.
შაბათს, 29 აპრილს „ნაპოლი“ საკუთარ „სტადიო მარადონაზე“ „სალერნიტანას“ დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში „ლაციოსთან“ სხვაობას 20 ქულამდე გაზრდის. მაურისიო სარის გუნდი კი კვირას, 30 აპრილს „სან სიროზე“ მილანის „ინტერს“ ეთამაშება. თუ რომაელები მატჩს ფრედ დაასრულებენ ან დამარცხდებიან, ნეაპოლელები ავტომატურად იტალიის ჩემპიონები გახდებიან და არსებობის ისტორიაში სკუდეტოს მესამედ მოიპოვებენ.
ასე რომ, ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლის“ ტიტულის მოპოვებისთვის „სალერნიტანასთან“ მოგება და „ლაციოს“ „ინტერთან“ დამარცხება ან ფრე სჭირდებათ.