იტალიის სერია A-ს 26-ე ტური ლიდერის მატჩით დასრულდა. „ნაპოლი“ სტუმრად თამაშობდა „კალიარის“ წინააღმდეგ და 5:0 გაანადგურა მეტოქე.
სტუმრებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს კალიეხონისა და მერტენსის გოლებით, რასაც მეორე ტაიმში ჰამშიკმა, ინსინიემ (პენალტით) და მარიუ რუიმ კიდევ სამი გოლი დაუმატეს.
„ნაპოლიმ“ ზედიზედ მე-10 და სეზონში 22-ე გამარჯვება მოიპოვა. ეს გუნდი იტალიის ჩემპიონატში 26 მატჩია (23 მოგება და სამი ფრე) სტუმრად არ მარცხდება. ნეაპოლელთა გასვლაზე ბოლო წაგება 2016 წლის 19 ნოემბრით თარიღდება.
„ნაპოლის“ 69 ქულა აქვს და პირველია სერია A-ს გათამაშების ცხრილში. მეორეადგილოსანი „იუვენტუსი“ მას ოთხი ქულით ჩამორჩება, თუმცა ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.