„ნაპოლიმ“, შესაძლოა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშოს #1TVSPORT
„ნაპოლიმ“, შესაძლოა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშოს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“, შესაძლოა, 2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში მიიღოს მონაწილეობა, საამისოდ კი გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში რაც შეიძლება დიდხანს უნდა ითამაშოს – ინფორმაციას „არეა ნაპოლი“ ავრცელებს.

„ბერლინის „უნიონთან“ გამარჯვებით, „ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა. ნეაპოლელებისთვის ლიგაზე წარმატება მნიშვნელოვანია, რათა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის საგზური მოიპოვონ.

პირველი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი 2025 წლის ივნისში, აშშ-ში გაიმართება და, სანაკრებო მსოფლიო ჩემპიონატის მსგავსად, ოთხ წელიწადში ერთხელ ჩატარდება. მასში მონაწილეობას 32 გუნდი მიიღებს, რომლებიც რვა ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდებიან. ევროპას 12 ადგილი აქვს, აქედან ჩემპიონთა ლიგის ბოლო ოთხ გამარჯვებულს („ჩელსის“, „რეალს“, მანჩესტერ სიტის“ და წლევანდელი გათამაშების გამარჯვებულს) საკლუბო მუნდიალზე თამაში გარანტირებული აქვთ, ხოლო რვა საგზურს უეფა-ს საკლუბო რეიტინგში ბოლო ოთხი წლის შედეგებით საუკეთესო კლუბები მოიპოვებენ.

იტალია, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანა, მსოფლიოს ჩემპიონატზე ორ გუნდზე მეტს ვერ გაიყვანს. ერთი ადგილი, რეიტინგიდან გამომდინარე, თითქმის უკვე განაღდებული აქვს „ინტერს“. მეორე გუნდი, შესაძლოა, „იუვენტუსი“ ყოფილიყო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ „ბებერი ქალბატონი“ დისკვალიფიკაციის გამო წელს ჩემპიონთა ლიგაში არ თამაშობს და კოეფიციენტს ვერ გაიუმჯობესებს, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შანსი „მილანსა“ და „ნაპოლის“ უჩნდებათ, რომლებიც წინ მიიწევენ და რეიტინგში „იუვენტუსის“ გადასწრების შესაძლებლობა აქვთ“, – წერს იტალიური გამოცემა.