„ნაპოლიმ“ სეზონი მარცხით დაიწყო - Sky Sport-ის ცნობით, კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არაა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სერია A-ს სეზონის პირველ ტურში „ვერონასთან“ გასვლაზე 0:3 დამარცხდა, ქართველ თავდამხმელს კი მოედნის ნაადრევად დატოვება მოუხდა.
„ნაპოლის“ თამაში დიდ ინტერესს იწვევდა, რადგან კლუბი სეზონამდე ცნობილმა სპეციალისტმა, ანტონიო კონტემ ჩაიბარა და შემადგენლობაც განახლდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ „ვერონას“ კარის აღება პირველად მე-10 წუთზე სცადა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე მან მეკარისკენ გაკეთებული გამიზნული გადაცემა ჩაჭრა და მასთან პირისპირ გავიდა, თუმცა ბოლო მომენტში „ვერონას“ მცველი გადაეღობა და მასპინძლები გოლისგან იხსნა.
ამის შემდეგ მოულოდნელი რამ მოხდა. ქართველი თავდამსხმელი თავბრუსხვევის გამო ვერ დგებოდა და საბოლოოდ იძულებული გახდა, პირველი ტაიმის მიწურულს მოედანი დაეტოვებინა. მას მეტოქეებმა რამდენჯერმე თავის არეში დაარტყეს, ხოლო ბოლო საგოლე მომენტის შემდეგ მცველმა პაველ დავიდოვიჩმა სახეში ხელი მოახვედრა. თუმცა, Sky Sport-ის იტალიური ვერსიის ცნობით, სერიოზული არაფერია.
შესვენების შემდეგ „ნაპოლი“ შეტევაში ვერაფერს ახერხებდა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი გოლიც გაუშვა. 50-ე წუთზე „ვერონას“ სწრაფი და ეფექტური კომბინაცია კაბოვერდელმა თავდამსხმელმა, დაილონ როშა ლივრამენტიმ დააგვირგვინა, ხოლო 75-ე და 90+4-ე წუთებზე დანიელ მოსკერამ დუბლი შეასრულა.