„ნაპოლიმ“ ლუკაკუ სამი თვით დაკარგა, იტალიის ჩემპიონი ბელგიელის შემცვლელად ჰოილუნდს მოიაზრებს #1TVSPORT

20:45, 18.08.2025

„ნაპოლის“ ფორვარდმა, რომელუ ლუკაკუმ სერიოზული ტრავმა მიიღო. 32 წლის ფეხბურთელმა „ოლიმპიაკოსთან“ ამხანაგურ მატჩში დაიზიანა მარცხენა ბარძაყის კუნთი.

სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ ბელგიელს ტრავმის სამკურნალოდ ოპერაცია დასჭირდება. იტალიელი ჟურნალისტის მატეო მორეტოს ინფორმაციით, ლუკაკუს ორიდან სამ თვემდე პერიოდის გამოტოვება მოუწევს.

გასულ სეზონში ფორვარდმა სერია A-ს 36 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ლუკაკუს ტრავმასთან დაკავშირებით „ნაპოლი“ სატრანსფერო ბაზარზე გასვლას აპირებს ახალი ფორვარდის მოსაძიებლად. იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ იტალიის ჩემპიონის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დანიელი რასმუს ჰოილუნდის ტრანსფერის განსახილველად. ლაპარაკია სეზონის ბოლომდე იჯარის ხელშეკრულებაზე.

ამასთან, მოლაპარაკებები ჯოშუა ზირკზესთან დაკავშირებით არ ყოფილა. „მანჩესტერ იუნაიტედს“ სურს ნიდერლანდელის შენარჩუნება.

გასულ სეზონში ჰოილუნდმა პრემიერლიგაში 32 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.

მსგავსი