„ნაპოლიმ“ „კომო“ დაამარცხა - ხვიჩა კვარაცხელიამ 79 წუთი ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატში „კომოს“ უმასპინძლა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა – 3:1.
სერია A-ს მე-7 ტურის შეხვედრაში ანტონიო კონტეს გუნდმა ანგარიში 26-ე წამზე გახსნა – სწრაფი შეტევისას რომელუ ლუკაკუმ საჯარიმოში ბურთი სკოტ მაკტომინეის გადააწოდა, რომელიც მცველს გასცდა და ზუსტად დაარტყა.
თუმცა, „ნაპოლიმ“ ტაიმის ბოლომდე ვერც სათამაშო უპირატესობა შეინარჩუნა და ვერც ანგარიში – „კომომ“ ბურთის გაკონტროლება მოახერხა და 43-ე წუთზე წონასწორობა გაბრიელ სტრეფეცას ზუსტი დარტყმით აღადგინა – 1:1.
კვარაცხელიამ 79 წუთი ითამაშა. პირველ ტაიმში მას მცველებმა გასაქანი არ მისცეს და მხოლოდ ერთხელ სცადა გოლის გატანა, როდესაც კუთხურიდან ბურთი კარში ჩაახვია, მაგრამ „კომო“ მეკარემ გადაარჩინა. ხვიჩა შესვენების შემდეგ გააქტიურდა, ერთ ეპიზოდში კი მის წინააღმდეგ უხეშობისთვის პენალტის დანიშვნას ითხოვდა, მაგრამ მსაჯმა თამაში გააგრძელა.
მეორე ნახევრის დასაწყისში „ნაპოლი“ რომელუ ლუკაკუმ პენალტით დააწინაურა. მატჩის მიწურულს (86) კი ბელგიელის გადაცემით დავიდ ნერეშმა მასპინძლების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.
შვიდი ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 16 ქულა დააგროვა და სერია A-ში მინიმუმ შემდეგ ტურამდე ლიდერობა შეინარჩუნა.