„ნაპოლი“ სტუმრად „უდინეზეს“ ეთამაშება - ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს ჩემპიონობისთვის ფრეც ჰყოფნის #1TVSPORT
„ნაპოლი“ სტუმრად „უდინეზეს“ ეთამაშება - ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს ჩემპიონობისთვის ფრეც ჰყოფნის #1TVSPORT

სერია A-ს 33-ე ტური დღეს უმნიშვნელოვანესი მატჩით მთავრდება – „ნაპოლი“ „უდინეზეს“ ესტუმრება და, შეიძლება, იტალიის ჩემპიონის ტიტული დღესვე ოფიციალურად მოიპოვოს. საამისოდ ხვიჩა კვარაცხელიას და მის თანაგუნდელებს ფრეც აძლევთ ხელს. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.

უდინეზესა“ და „ნაპოლის“ მატჩს პალერმოელი მსაჯი როსარიო აბისო გაუძღვება. აღსანიშნავია, რომ აბისო „ნაპოლისთვის“ იღბლიანი არბიტრია – ბოლო ექვს წელიწადში (2017-23 წლებში) ნეაპოლელებს მერვედ უმსაჯებს, წინა შვიდ შემთხვევაში „ნაპოლიმ“ ყველა მატჩი მოიგო.

ურთიერთშეხვედრებშიც უპირატესობა ნეაპოლელთა მხარესაა – 81 მატჩიდან 35 „ნაპოლის“ გამარჯვებით დასრულდა, 29 – ფრედ, ხოლო 17-ჯერ „უდინეზემ“ მოიგო.

ამ გუნდების ბოლო მატჩი უდინეში 2021 წლის 20 სექტემბერს გაიმართა. ნეაპოლელებმა 4:0 მოიგეს. მიმდინარე ჩემპიონატის პირველ წრეში, 2022 წლის 12 ნოემბერს ლუჩანო სპალეტის გუნდმა 3:2 მოიგო. იმ შეხვედრაში კვარაცხელიას ტრავმის გამო არ უთამაშია, დღეს კი ხვიჩა „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაშია. ნეაპოლელებს ტრავმირებული მარიო რუი და მატეო პოლიტანო ვერ დაეხმარებიან.

ნეაპოლში ზეიმისთვის ემზადებიან. „სტადიო მარადონაზე” დამონტაჟებულია მონიტორები და გულშემატკივრები საყვარელ გუნდს გადაჭედილ „სტადიო მარადონაზე” უქომაგებენ, უდინეში მატჩზე კი 10 ათასზე მეტი გულშემატკივარი გაემგზავრა.