„ნაპოლი" იტალიის თასის მეორე ფინალისტია - დრის მერტენსი ნეაპოლური კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა
იტალიის თასის გათამაშებაში მეორე ფინალისტი გამოვლინდა. „ნაპოლიმ” საკუთარ მოედანზე ფრედ ითამაშა „ინტერთან” – 1:1 და ეს საკმარისი აღმოჩნდა ფინალში გასასვლელად, რადგან ნეაპოლელებს პირველი მატჩი მილანში 1:0 ჰქონდათ მოგებული.
ანგარიში „ინტერმა” მეორე წუთზე გახსნა, როცა პირდაპირ კუთხურიდან დარტყმით კრისტიან ერიქსენმა გაიტანა. თუმცა, უკვე პირველ ტაიმში „ნაპოლიმ” გაათანაბრა ანგარიში – ეს გააკეთა ბელგიელმა დრის მერტენსმა.
ამ გოლით მერტენსი „ნაპოლის” ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 33 წლის ფეხბურთელს 310 მატჩში 122 გოლი გაუგროვდა და გაუსწრო სლოვაკ მარეკ ჰამშიკს, რომელსაც 121 გოლი ქონდა. 115 გოლით მესამეზეა ლეგენდარული დიეგო მარადონა.
მეორე ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა, რაც „ნაპოლის” მეკარის ოსპინას დამსახურებაა. მართალია, დებიუტში მან კუთხურიდან გაუშვა, მაგრამ ჯამში რვა სეივი შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
„ნაპოლი” 17 ივნისს, ფინალში „იუვენტუსს” შეხვდება, რომელმაც „მილანი” გამოთიშა ბრძოლას. ფინალური მატჩი რომში შედგება.