იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლა სკირას ინფორმაციით, „ნაპოლი“ ცენტრალურ მცველთან, ამირ რაჰმანისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს და ამის შესახებ ოფიციალურ ცნობას მალე გაავრცელებს.
ნეაპოლური კლუბი რაჰმანისთან ოთხწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, რომელსაც ერთი წლით ავტომატურად გახანგრძლივების პუნქტიც ექნება დამატებული, ხოლო ანაზღაურების სახით ფეხბურთელი წლიურად 2.5 მილიონ ევროს მიიღებს.
კოსოვოელი მოთამაშე „ნაპოლიში“ 2020 წლიდან ირიცხება და ბოლო ორი წელია, გუნდის ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა.
2022/23 წლის სეზონში, ყველა ტურნირის გათვალისწინებით, რაჰმანიმ 29 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე ორი გატანილი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა. ამჟამინდელი ხელშეკრულება მას „ნაპოლისთან“ 2024 წლის ზაფხულში ეწურება.