„ნაპოლი“ აცხადებს, რომ კვარაცხელიას გასხვისება არ იგეგმება #1TVSPORT
„ნაპოლიმ“ კვარაცხელიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ფეხბურთელის ტრანსფერის საკითხს კლუბი წყვეტს და ნეაპოლელები მის გასხვისებას არ აპირებენ.
„ვეხმაურებით კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელისა და მისი მამის, ბადრის განცხადებას. ვიმეორებთ, რომ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი კიდევ სამი წლის განმავლობაში აკავშირებს. კვარაცხელია არ იყიდება. მოთამაშის მომავალს არც აგენტები წყვეტენ და არც მამები, არამედ „ნაპოლი“, რომელთანაც კონტრაქტი აქვს გაფორმებული!!! ამბის დასასრული“.
მამუკა ჯუღელმა ხვიჩა კვარაცხელიას მომავლის შესახებ გადაცემაში „სპორტი იმედზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათთვის პრიორიტეტი ისეთი გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს. კვარაცხელიას აგენტის ინტერვიუ იტალიური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, რასაც „ნაპოლის“ განცხადება მოჰყვა.