„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებული რვა პირი გათავისუფლდა, მათი სასამართლო პროცესი გადაიდო
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებული რვა პირი გათავისუფლდა, მათი სასამართლო პროცესი გადაიდო

წყალტუბოს რაიონულ სასამართლოში გადაიდო ღამით გუმათში, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას დაკავებული რვა პირის პროცესი.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა.

სასამართლო სხდომა 4 ივნისისთვის გადაიდო. მიზეზი დაცვის მხარის შუამდგომლობა გახდა. ადვოკატებმა საგამოძიებო უწყების მიერ წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებების გაცნობის მიზნით დრო ითხოვეს. მოსამართლემ საქმის განხილვამდე რვავე პირი დარბაზიდან გაათავისუფლა.

საქმეზე გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს.

სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება გუშინ, საღამოს მოხდა. აქტივისტები ბარიკადებს მიღმა გადასვლას და ნამოხვანისკენ წასვლას ცდილობდნენ, რისი უფლებაც პოლიციამ მათ არ მისცა. ფაქტს მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა.