ნაკრების თამაშებზე ამერიკაში მოთამაშე ქართველების ჩამოყვანა გართულდება
სფფ-ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს და ბელარუსის ეროვნული ნაკრებების შეხვედრის საორგანიზაციო საკითხებზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ ყველაზე მეტად ამერიკაში მოთამაშე ქართველების ჩამოყვანა ადარდებს.
„სანაკრებო თამაშებზე პრობლემა ფეხბურთელების ჩამოსვლაა. ლაპარაკია იმ ქვეყნებში მყოფ მოთამაშეებზე, სადაც საზღვრები გახსნილი არაა. მაგალითად, ჯერ არ ვიცით, როგორ მოხერხდება ფეხბურთელების ამერიკიდან ჩამოსვლა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ნაკრებში გამოძახებულები შეკრებაზე დროულად გამოცხადდნენ. მაგრამ უეფას მიდგომაა, რომ ვინც ჩამოვა, ისინი ვათამაშოთ, რადგან თამაშების გადადებას არ დაუშვებს”, – აცხადებს კობიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატში, „სან ხოსეს” რიგებში საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი თამაშობს – გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი.
სფფ-ს პრეზიდენტმა კიდევ ერთი ახალი ამბავი გააჟღერა: „არსებული ვითარების გამო, უეფას ახალი მოთხოვნაა, რომ გასვლით მატჩზე ჩარტერული რეისით წავიდეთ. ანუ ფეხბურთელები ჯერ საქართველოში უნდა ჩამოვიდნენ, ვუზრუნველვყოთ მათი ტესტირება და თამაშის წინა დღეს შეგვიძლია ჩასვლა“.