ნაკრების დებიუტანტი შეცდომას განიცდის - მწვრთნელი და ფეხბურთელები მამხნევებდნენ
„საბურთალოს“ 21 წლის ფეხბურთელმა ნიკა მალიმ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ სადებიუტო შეხვედრაზე ილაპარაკა და არ დამალა, რომ ძალიან განიცდის შეცდომას, რომელმაც ჩვენს კარში გოლი გამოიწვია.
„ეს მოსაგები თამაში იყო, მაგრამ ჩემმა ერთმა შეცდომამ ქულები დაგვაკარგვინა. ამ ეპიზოდის შემდეგ, ფსიქოლოგიურად თამაში ცოტა გამიჭირდა, მაგრამ ფეხბურთელმა უნდა იპოვო ძალა და გააგრძელო თამაში. ვცდილობდი, აქტიური ვყოფილიყავი და გუნდისთვის სარგებელი მომეტანა. თამაშის შემდეგ მთავარი მწვრთნელი და ფეხბურთელები მამხნევებდნენ, გვერდში დამიდგნენ“, – ამბობს ნიკა მალი.
21 წლის მცველის თქმით, ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა მოულოდნელი აღმოჩნდა: „ვლადიმირ ვაისი ვარჯიშებზეც მამხნევებდა და მის გვერდში დგომას ვგრძნობდი. მადლობას მას და სამწვრთნელო შტაბს, ასევე ფეხბურთელებს. მატჩის წინა დღეს, ვარჯიშზე მარცხენა ფლანგზე მათამაშა, თუმცა, არ ვიცოდი, ძირითად შემადგენლობაში თუ ვითამაშებდი. ეს ყველაფერი თეორიაზე გავიგე და სიურპრიზი იყო, გამიხარდა და კიდევ უფრო დიდი სტიმული მომეცა. ფეხბურთელი პირველივე გამოძახებაზე ძირითად შემადგენლობაში ხშირად არ ხვდება. ვიცი, რომ ბევრი მაქვს სამუშაო და მოსამატებელი. ყველაფერთან ერთად, გამოცდილებაც დამიგროვდება და მჯერა, საკუთარ შესაძლებლობებს მომავალში უკეთ წარმოვაჩენ“.
ეროვნულ ჩემპიონატში „საბურთალოს“ უახლოეს პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული მატჩები ელის. ნიკა მალიმ კომენტარი ამ თემაზეც გააკეთა: „არა მხოლოდ უახლოესი მატჩები, არამედ დარჩენილი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. ცხრილის ზედა ნაწილში სიმჭიდროვეა, პირველ ადგილთან მხოლოდ ერთ ქულას ვაგებთ, სამ გუნდს კი თანაბარი ქულები გვაქვს. ყველა თამაშში მობილიზება და ქულების მაქსიმალური დაგროვება გვმართებს. მიმაჩნია, რომ წლეულს, ჩემპიონობის მოპოვება „საბურთალოსაც” შეუძლია და ცხრილის ზედა პოზიციებზე მყოფ რამდენიმე კლუბსაც. ძალიან დაძაბული და საინტერესო მატჩები გველის“.