ვილი სანიოლთან გაფორმებული კონტრაქტის დეტალები ცნობილია – 43 წლის ფრანგ სპეციალისტი, რომელიც დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღამსკომზე საქართველოს ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, ნაკრებში 2 წლით იმუშავებს, – ამის შესახებ სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ილაპარაკა.
იაშვილმა ფრანგი სპეციალისტის დანიშვნაზე განაცხადა, რომ 2-წლიანი ხელშეკრულება კი გაფორმდა, მაგრამ შესაძლოა, ვადა გახანგრძლივდეს.
„ფეხბურთის ფედერაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ მთავარ მწვრთნელთან შედეგზე ორიენტირებული ხელშეკრულება გაფორმდა. ნაკრებში ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით კონკრეტული მიზნების მიღწევის შემთხვევაში, უკვე არსებულ ორწლიან კონტრაქტს, კიდევ ორწლიანი თანამშრომლობა დაემატება“, – ამბობს სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტი.
საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, ფრანგი სპეციალისტი – ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. 43 წლის ვილი სანიოლი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 15 თებერვალს დაამტკიცა. ვილი სანიოლის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს შედგება.