19 ოქტომბერს გამთენიისას NBA-ის ახალი სეზონი დაიწყება, სადაც ორი ქართველი კალათბურთელი ითამაშებს. გოგა ბითაძე „ინდიანა პეისერსის“ შემადგენლობაში მე-4 სეზონს ჩაატარებს, ხოლო სანდრო მამუკელაშვილისთვის „მილუოკი ბაქსში“ ეს მე-2 სეზონი იქნება.
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის დაწყებამდე გუნდებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ – თუ მათ 2019 წლის დრაფტზე პირველ წრეში არჩეულ მოთამაშეებთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურთ, მაშინ გადაწყვეტილების მისაღებად დრო 18 ნოემბრამდე აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდეგი წლიდან ეს კალათბურთელები შეზღუდული თავისუფალი აგენტები გახდებიან.
გოგა ბითაძე „ინდიანა პეისერსმა“ 2019 წელს მე-18 ნომრად აირჩია. NBA-ში გატარებული 3 წლის შემდეგ, ქართველი კალათბურთელი მე-4 სეზონში მაქსიმალურ შემოსავალს მიიღებს – 4 765 339 დოლარს. რიკ კარლაილის გუნდმა კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება ხვალამდე უნდა მიიღოს, მაგრამ როგორც ავტორიტეტული გამოცემა „ფორბსი“ იწერება, „პეისერსი“ ქართველ კალათბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს და თავად ბითაძესაც ურჩევნია, რომ შემდეგი წლის ზაფხულს დაელოდოს.
„2019 წლის დრაფტზე „ინდიანა პეისერსმა“ მე-18 ნომრად გოგა ბითაძე აირჩია. 23 წლის კალათბურთელმა ცოტა ხნის წინ დაასრულა წინასასეზონო მატჩები, სადაც საშუალოდ შეხვედრაში 7.3 ქულას, 4 მოხსნასა და 2.7 პასს აკეთებდა. ზუსტად შესრულებული სამქულიანების პროცენტით (75%) ის გუნდში საუკეთესო იყო, თამაშიდან ჩაგდებული ბურთების მაჩვენებლით კი მხოლოდ ორმა კალათბურთელმა აჯობა (64.3%).
„რიკ კარლაილს უდიდეს პატივს ვცემ. როცა გადაწყვიტავს, რომ მე უნდა ვითამაშო, გავალ და 100%-ით დავიხარჯები. მე უბრალოდ ყოველთვის მზად უნდა ვიყო“, – განაცხადა წინასასეზონო მატჩების დროს ბითაძემ, რომელიც იმედოვნებს, რომ წელს კიდევ უფრო განვითარდება.
ბითაძე ხვალამდე ახალბედის კონტრაქტზე იქნება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ NBA-ში ბითაძის კარიერას, „პეისერსის“ სახელფასო ჭერსა და ლიმიტის გადაჭარბებასთან დაკავშირებულ რისკებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გუნდი და ქართველი ცენტრი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდებიან.
2021-2022 წლების სეზონი ბითაძისთვის საუკეთესო იყო, სადაც საშუალოდ შეხვედრაში 7 ქულასა და 3.5 მოხსნას აგროვებდა. All Star-ის შესვენების შემდეგ კი მან თავისი თამაში გააუმჯობესა და საშუალოდ 11.8 ქულასა და 5.1 მოხსნასაც მიაღწია. მისი დაცვაში თამაშიც გაუმჯობესდა და წინა ორ სეზონთან შედარებით თამაშს შესამჩნევად უკეთესად გრძნობდა.
ახალგაზრდა ცენტრი მთელი წლის განმავლობაში იზრდებოდა, მაგრამ სეზონის ადრეულ ეტაპზე არასტაბილურობით გამოირჩეოდა, რაც მისი კარიერის განმავლობაში განხილვის საგანი იყო. „პეისერსს“ სხვა ცენტრებიც ჰყავდა შემადგენლობაში, რომლებიც სათამაშო წუთებს იმსახურებდნენ და ამის გამო ბითაძის როლი ხშირად იცვლებოდა. 2022 წლის იანვრამდე მას ზედიზედ რამდენიმე შეხვედრის კარგ დონეზე ჩატარება უჭირდა.
ამ ყველაფერს თუ გავითვალისწინებთ, რთულია გადაწყვეტილების მიღება. რა თქმა უნდა, იმ ბითაძეში, რომელმაც 2022 წელს ბოლო 15 შეხვედრა ჩაატარა, ინვესტიციის ჩადება ღირს, მაგრამ ეს საკმარისი არაა „პეისერსისთვის“, რომელმაც ფინანსური გადაწყვეტილება ჭკვიანურად უნდა მიიღოს. კიდევ ერთი კარგი სეზონის შემდეგ, ქართველი ცენტრი დაამტკიცებდა, რომ ის იმსახურებს ახალ კონტრაქტს, შესაძლოა, ისევ „პეისერსთან“, მაგრამ ამას ჩვენ კონტრაქტის გახანგრძლივების დედლაინამდე ვერ გავარკვევთ.
თუ ბითაძეს კიდევ ერთი კარგი სეზონი ექნება და დაამტკიცებს, რომ უფრო მეტი ღირს, „პეისერსი“ მოხარული იქნება გადაიხადოს ფული მის შესანარჩუნებლად. თავისუფალი სახელფასო ჭერის ახალგაზრდა ტალანტზე გამოყენება უკეთესია, ვიდრე ერთ წელზე გათვლილი ინვესტიციის გაკეთება, რომელიც რისკებთან იქნება დაკავშირებული.
მაილს ტერნერს, ოშეი ბრისეტს, ტერი ტეილორსა და ჯეიმს ჯონსონს კონტრაქტები ეწურებათ, შესაბამისად 2023-2024 წლების სეზონში, შესაძლოა, თავისუფალი სათამაშო წუთები გამოჩნდეს. თუ ბითაძე ამ სეზონში კარგად ითამაშებს და ამ წუთებს გამოიმუშავებს, „პეისერსი“ მას შესაბამის თანხას გადაუხდის. იმ შემთხვევაში, თუ ის ვერ დაამტკიცებს, რომ როტაციაში ადგილს იმსახურებს, მაშინ „ინდიანა“ ახალი ცენტრის ძიებას დაიწყებს.
რატომ უნდა იჩქაროს ბითაძემ და კონტრაქტი გააფორმოს ისეთ გუნდთან, რომელსაც მისთვის როლიც კი არ აქვს? მთელი ზაფხულის განმავლობაში ტერნერის გაცვლასთან დაკავშირებით საუბარი არ წყდებოდა, მას „პეისერსთან“ კონტრაქტიც ეწურება, შესაბამისად მომავალში, შესაძლოა, გუნდში ამ პოზიციაზე სათამაშო წუთები გაჩნდეს. მაგრამ ბითაძემ არ იცის მომავალში გუნდს რა შემადგენლობა ეყოლება და ასევე რა გეგმები აქვს მენეჯმენტს, შესაბამისად მისთვის უკეთესია კონტრაქტის ამოწურვას დაელოდოს და ნახოს უკეთესი შესაძლებლობები თუ გამოუჩნდება.
ბითაძისა და „პეისერსის“ შემთხვევაში, ნაკლებად წარმოსადგენია ის, რომ რომელიმე გარისკავს. თუ გოგას კარგი სეზონი ექნება, „პეისერსი“ მზად იქნება მასში გადაიხადოს თანხა და ორივე მხარესთვის ეს მომგებიანი იქნება, მაგრამ თუ მას ცუდი სეზონი ექნება „პეისერსს“ მისი შენარჩუნება არ ენდომება. ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ „პეისერსსაც“ და ბითაძესაც ლოდინი ურჩევნიათ.“