ნადალმა ზედიზედ მე-18 მატჩი მოიგო - ინდიან უელსის „მასტერსზე“ ყველა მეოთხედფინალსტი გაირკვა #1TVSPORT
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა გააგრძელა 2022 წლის სეზონში შთამბეჭდავი სვლა – მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ზედიზედ მე-18 მატჩი მოიგო და ინდიან უელსის „მასტერსის“ მეოთხედფინალში გავიდა.
მერვედფინალში ნადალს ორი ტაი-ბრეიკის ჩატარება მოუწია ამერიკელი რაიან ოპელკას წინააღმდეგ – 7:6(3), 7:6(5). პირველ სეტში ესპანელმა მხოლოდ სამი ქულა წააგო საკუთარ გეიმებში, მაგრამ მეტოქის მოწოდებას ვერაფერი მოუხერხა. რაფას მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა. ტაი-ბრეიკზე ნადალმა არც ერთი საკუთარი მოწოდება არ დათმო და ორი მინი-ბრეიკის წყალობით 7:3 მოიგო მე-13 გეიმი.
მეორე სეტი ნადალისთვის უფრო რთულად წარიმართა. ოპელკამ მეხუთე გეიმში ბრეიკი შეასრულა და დაწინაურდა, მეშვიდე გეიმში კი სამი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ესპანელმა არ მისცა ზედიზედ მეორე ბრეიკის შესრულების საშუალება, რის შემდეგაც ნადალმა უკუბრეიკი აიღო და საქმე ისევ ტაი-ბრეიკამდე მივიდა, რომელშიც რაფამ ისევ არ წააგო საკუთარი მოწოდება.
მერვედფინალის შედეგები:
ალკარასი (ესპ, 19)-მონფილსი (საფ, 26) 7:5, 6:1
ნორი (ბრიტ, 12)-ბრუქსბი (აშშ) 6:2, 6:4
ნადალი (ესპ, 4)-ოპელკა (აშშ, 17) 7:6(3), 7:6(5)
კირგიოსი (ავსტრა)-სინერი (იტა, 10) უარი
კეჩმანოვიჩი (სერ)-ბერეტინი (იტა, 6) 6:3, 6:7(5), 6:4
ფრიტცი (აშშ, 20)-დე მინორი (ავსტრა, 29) 3:6, 6:4, 7:6(5)
რუბლიოვი (რუს, 7)-ჰურკაჩი (პოლ, 11) 7:6(5), 6:4
დიმიტროვი (ბულ, 33)-ისნერი (აშშ, 23) 6:3, 7:6(6)
მეოთხედფინალში ხვდებიან:
ალკარასი (ესპ, 19)-ნორი (ბრიტ, 12)
ნადალი (ესპ, 4)-კირგიოსი (ავსტრა)
კეჩმანოვიჩი (სერ)-ფრიტცი (აშშ, 20)
რუბლიოვი (რუს, 7)-დიმიტროვი (ბულ, 33)