ნადალმა კირგიოსთან წააგო, მაგრამ ოპტიმისტურად არის განწყობილი
ნადალმა კირგიოსთან წააგო, მაგრამ ოპტიმისტურად არის განწყობილი

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა, მიმდინარე სეზონში მეორე საჩვენებელი მატჩი ჩაატარა – მელბურნში სამ სეტში წააგო ავსტრალიელ ნიკ კირგიოსთან – 0:4, 4:3, 3:5. შეგახსენებთ, რომ დეკემბრის ბოლო რიცხვებში ესპანელმა აბუ დაბიში სამ სეტში წააგო სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონთან.

ამ ორი მარცხის მიუხედავად, ნადალმა განაცხადა, რომ შეუძლია ავსტრალიის ღია პირველობაზე გამარჯვებისთვის ბრძოლა.

„შემიძლია თუ არა, ვიბრძოლო მოგებისთვის მელბურნში? რატომაც არა?! რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, სრულფასოვანი ტურნირი ჩამეტარებინა აბუ დაბიში და განაცხადი არ გამომეტანა ბრისბენიდან.
მიუხედავად ამისა, კორტზე თავს კომფორტულად ვგრძნობ, კარგად ვმუშაობ ბურთთან და ეს არის მთავარი. პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ დიდი ხანია არ მითამაშია ოფიციალურ მატჩებში“, – მოჰყავს ნადალის სიტყვები „სკაი სპორტს“ (Sky Sports).