ნადალმა კირგიოსს რევანში აუღო და უიმბლდონზე 50-ე მატჩი მოიგო | უიმბლდონი 2019
ნადალმა კირგიოსს რევანში აუღო და უიმბლდონზე 50-ე მატჩი მოიგო | უიმბლდონი 2019

მამაკაცთა ტურნირის მეორე წრეში მთავარი მატჩი რაფაელ ნადალსა და ნიკ კირგიოსს შორის შედგა. ამ ჩოგბურთელებს შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში იყო 3:3. წელს ავსტრალიელს აკაპულკოში ჰყავდა დამარცხებული ესპანელი და ნადალს რევანშზე უნდა ეზრუნა.

კირგოსმა შესაძლოა კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა, განსაკუთრებით – მოწოდების მხრივ. მაგრამ ნადალი კიდევ უფრო უკეთ გამოიყურებოდა.

ნიკის ანგარიშზე 29 ეისი იყო, მან მხოლოდ ხუთი ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა ნადალს და ესპანელმა ორი შანსი გამოიყენა. კირგიოსმაც ორჯერ აიღო მეტოქის მოწოდება. ეს ყველაფერი პირველ ორ სეტში ხდებოდა. მესამე და მეოთხე სეტებში ჩოგბურთელები ახლოსაც არ ყოფილან ბრეიკთან და ორივეჯერ საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, რომელშიც ნადალი ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა. ესპანელმა სამ საათსა და შვიდ წუთში, ანგარიშით 6:3, 3:6, 7:6(5), 7:6(3) მოიგო.

ნადალის შემდეგი მეტოქე ჟო-ვილფრიდ ცონგა იქნება, რომელსაც ესპანელი ურთიერთშეხვედრებში ანგარიშით 8:4-ს უგებს. რაფაელი მხოლოდ მეცხრე ჩოგბურთელი გახდა ისტორიაში, რომელმაც უიმბლდონზე 50 მოგება დააგროვა.