მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა დუბაის ტურნირზე მონაწილეობაზე უარი განაცხადა. გათამაშება, რომლის საპრიზო ფონდი 1.9 მილიონი დოლარია, 15-21 მარტს გაიმართება. ნადალმა ტურნირის ორგანიზატორებისგან სპეციალური მიწვევა მიიღო.
„მადლობა მინდა გადავუხადო დუბაის ტურნირის თავკაცებს შემოთავაზებისთვის. ჩვენ სერიოზულად ვფიქრობდით, რომ ჩავსულიყავით და მეთამაშა, მაგრამ ჯერ არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ უკვე შემიძლია უმაღლეს დონეზე ასპარეზობა. დიდი მადლობა და წარმატებულ ტურნირს გისურვებთ,“ – დაწერა ნადალმა საკუთარ „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, რომ ესპანელმა ბოლო შეხვედრა ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში ითამაშა, ხოლო შემდეგ ზურგის ტრავმის გამო როტერდამის ტურნირზე თამაშზე უარი განაცხადა.