ნადალმა 35-ე „მასტერსი“ მოიგო
ნადალმა 35-ე „მასტერსი“ მოიგო

ესპანელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში 35-ე „მასტერსი“ მოიგო და ამ მაჩვენებლით გაზარდა თავისი უპირატესობა ყველა დროის რეიტინგში. მსოფლიოს მეორე ჩოგანმა მონრეალის ფინალში რუსი დანიილ მედვედევი გაანადგურა – 6:3, 6:0.

გადამწყვეტ მატჩში ბრძოლა არ შედგა. მედვედევს, რომელიც ამ ტურნირის შემდეგ რუსეთის პირველი ნომერი გახდება, პირველივე გეიმში ჰქონდა ბრეიკ-პოინტი, რომელიც ვერ გამოიყენა. ამის შემდეგ კი რუსს მეტოქის მოწოდების აღების ერთი შანსიც არ ჰქონია. ნადალმა კი რვა ბრეიკ-პოინტიდან ოთხი გამოიყენა და საკუთარ მოწოდებაზე მხოლოდ 11 ქულა წააგო.

ნადალმა ამ სეზონში მესამე ტიტული მოიგო – სეზონის პირველ ნახევარში მან რომის „მასტერსსა“ და როლან გაროსზე გაიმარჯვა. რაფასთვის ეს იყო მეხუთე ტიტული კანადაში. მას ამ ტურნირზე ხუთიდან ხუთი ფინალი აქვს მოგებული და ამ ხუთ თამაშში მხოლოდ ერთი სეტი წააგო (2005 წელს, ანდრე აგასის წინააღმდეგ – 6:3, 4:6, 6:2).