როლან გაროსზე ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა ნახევარფინალური მატჩი ესპანელ რაფაელ ნადალსა და არგენტინელ დიეგო შვარცმანს შორის. ოთხშაბათს, შეხვედრა წვიმის გამო იმ დროს შეწყდა, როცა შვარცმანს პირველი მეტი მოგებული ჰქონდა, მეორეს კი ნადალი 5:3-ს იგებდა და 30:15 იყო დაწინაურებული მეცხრე გეიმში.
ხუთშაბათს, თამაშის განახლების შემდეგ, ნადალმა ორი ქულა აიღო და სეტებში ანგარიში გაათანაბრა, მესამე და მეოთხე პარტიებში კი აშკარა უპირატესობას ფლობდა. თუ პირველ ორ სეტში შვარცმანმა ხუთი ბრეიკი შეასრულა, მომდევნო ორში ნადალმა არც ერთხელ არ დაუთმო საკუთარი მოწოდება. თავად ესპანელმა თითო სეტში ორ-ორი ბრეიკი შეასრულა და 3 საათი და 47 წუთი ბრძოლის შემდეგ, ასეთი ანგარიში დააფიქსირა – 4:6, 6:3, 6:2, 6:2.
აღსანიშნავია, რომ შვარცმანს უფრო მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა – 20 18-ის წინააღმდეგ, მაგრამ ნადალმა ცხრა შანსი გამოიყენა, არგენტინელმა – მხოლოდ ხუთი. ორივეს “ვინერსებისა” და უნებლიე შეცდომების უარყოფითი ბალანსი ჰქონდათ: ნადალს – 34 და 46, შვარცმანს – 37 და 64.
ნადალი მეთერთმეტედ გავიდა როლან გაროსის ნახევარფინალში, რაც აბსოლუტური რეკორდია. ესპანელი ელოდება მარინ ჩილიჩისა და ხუან მარტინ დელ პოტროს მეოთხედფინალის დასრულებას და გაირკვევა მისი მეტოქე ნახევარფინალში.
შეგახსენებთ, რომ პირველი ნახევარფინალური წყვილი შეადგინეს ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა და იტალიელმა მარკო ჩეკინატომ.